მეორე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 354.7 მლნ დოლარი შეადგინა

საქართველო, თბილისი - 18:06 | 30.09.2015
ნანახია: 1807

2015 წლის მეორე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 354.7 მლნ აშშ დოლარი (809.1 მლნ ლარი, მეორე კვარტლის მშპ–ს 10.4 პროცენტი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას აკისრია. საქონლით ვაჭრობის უარყოფითმა სალდომ 2015 წლის მეორე კვარტალში წლიური 7.0 პროცენტიანი კლების შედეგად 991.0 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი) შეადგინა. საქონლის ექსპორტი წლიურად 21.8 პროცენტით, ხოლო იმპორტი 14.3 პროცენტით შემცირდა. 

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. მომსახურების ექსპორტი წლიურად 0.4 პროცენტით, ხოლო მომსახურების იმპორტი 0.1 პროცენტით შემცირდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 7.1 პროცენტით გაიზარდა და 460.1 მლნ აშშ დოლარი (1.0 მლრდ ლარი) შეადგინა.

სავაჭრო ბალანსის უარყოფით სალდოს ასევე ნაწილობრივ აკომპენსირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტიც წლიურად 12.3 პროცენტით გაიზარდა და 446.9 მლნ აშშ დოლარი (1.0 მლრდ ლარი) შეადგინა. მატება სამთავრობო სექტორის 4.1-ჯერ გაზრდილმა ტრანსფერებმა გამოიწვია, ძირითადად ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მიღებული 143.2 მლნ აშშ დოლარის დახმარების ხარჯზე. 2015 წლის მეორე კვარტალში 24.6 პროცენტით არის შემცირებული სხვა სექტორების მიმდინარე ტრანსფერების კრედიტი. 

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მეორე კვარტალში 314.3 მლნ აშშ დოლარი (716.9 მლნ ლარი) შეადგინა1, რაც კვარტალური მშპ-ს 9.2 პროცენტია. მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძირითადად ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, საფინანსო და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში განხორციელდა. 
 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე