რუსეთში, "პირველი არხის" ყოფილი რედაქტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

საქართველო, თბილისი - 14:00 | 10.08.2022
ნანახია: 406

"პირველი არხის" ყოფილი რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას წინააღმდეგ რუსეთის საგამოძიებო უწყებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას თავად ოვსიანიკოვა ადასტურებს.

მისივე თქმით, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე უკავშირდება კრემლის მახლობლად გამართულ ომის საწინააღმდეგო აქციას, რომელიც მან ივლისში გამართა.

ოვსიანიკოვას ადვოკატის თქმით, საქმე აღძრულია მუხლით "რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე განზრახ ცრუ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების შესახებ."
მანამდე ცნობილი გახდა, რომ დღს, გამთენიისას, მარინა ოვსიანნიკოვას ბინაში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.

15 ივლისს მარინა ოვსიანიკოვამ მოსკოვში, კრემლის სიახლოვეს საპროტესტო პერფორმანსი გამართა. მას ხელში პლაკატი ეჭირა წარწერით: "პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. დაიღუპა 352 ბავშვი. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ გაჩერდე?"

17 ივლისს ჟურნალისტი დააკავეს და ადმინისტრაციული ოქმის შედგენის შემდეგ მალევე გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, 14 მარტს, საღამოს, რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო გადაცემა "ვრემიას" ეთერში, რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა შევიდა, რომელსაც ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით: "არა ომს. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. თქვენ აქ გატყუებენ. რუსები ომის წინააღმდეგ".

კადრში გამოჩენიდან მალევე, მარინა ოვსიანიკოვა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მოგვიანებით, სასამართლომ ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე