პირს, რომელმაც სასამართლო სხდომაზე პროკურორებს ფეხსაცმელი ესროლა, 1-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 13:57 | 10.08.2022
ნანახია: 390

გენერალური პროკურატურის ცნობით, პირი, რომელმაც მცხეთის სასამართლოში პროკურორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფეხსაცმელი ისროლა, მოსამართლემ დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის სახედ და ზომდ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

"მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 9 მაისს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული ორი პირის აღკვეთის ღონისძიების შერჩევის პროცესზე, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების და ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სხდომის დარბაზში ერთ-ერთმა ბრალდებულმა პროკურორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფეხსაცმელი ისროლა.

აღნიშნულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით).

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე