ნანა ჯანელიძე კინოაკადემიის მიერ ფილმ "მოთვინიერების" სეანსების გაუქმებას ემიჯნება

საქართველო, თბილისი - 16:31 | 29.04.2022
ნანახია: 1245

ეროვნული კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი და კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე კინოაკადემიის მიერ ფილმ "მოთვინიერების" სეანსების გაუქმებას ემიჯნება.

"ძალიან უცნაური ამბავი გავრცელდა - კინოაკადემიამ მოხსნა სალომე ჯაშის ფილმი "მოთვინიერება" თავისი კინოდარბაზის ეკრანიდან. ის რაც წარმოადგენდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს, შემოქმედების თავისუფლება, ამ გადაწყვეტილებით ერთბაშად ეჭვქვეშ დადგა. მითუმეტეს, რომ კინოაკადემია არის თავისუფალ კინემატოგრაფისტთა კავშირი და ის პირიქით, უნდა იცავდეს შემოქმედების თავისუფლებას და ამის სადარაჯოზე უნდა იდგეს.

იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ყოფილი კინოკავშირის წევრი მექანიკურად გადაიქცა კინოაკადემიკოსად და ალბათ მეც, მათ შორის, ვემიჯნები ამ გადაწყვეტილებას და კითხვას ვსვამ - ეს კინოაკადემიის სამდივნოს ერთობლივი გადაწყვეტილებაა? თუ ეს ასეა, უარს ვაცხადებ კინოაკადემიის წევრობაზე", - წერს ჯანელიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 28 აპრილს საქართველოს კინოაკადემიამ  სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის, "მოთვინიერების" ჩვენებები გააუქმა.

სალომე ჯაშის განცხადებით, კინოაკადემიის დირექტორმა ეს გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ მათთვის მიუღებელია ისეთი ნაწარმოების ჩვენება, "რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს".

"მოთვინიერება" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელიც შვეიცარია-გერმანია-საქართველოს კოპროდუქციაა. ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე. მალევე იგი ასევე აჩვენეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში "ფორუმი". მას შემდეგ "მოთვინიერება" არაერთ პრესტიჟულ კინოფესტივალზე შეირჩა და რამდენიმე საერთაშორისო ჯილდოც მოიპოვა.

ფილმის შესახებ: "საქართველოს უმდიდრეს და ყველაზე ძლევამოსილ ადამიანს უჩვეული გატაცება აქვს: უზარამაზარ, საუკუნოვან ხეებს აგროვებს. მისი დავალებით გიგანტებს ზღვისპირეთიდან თხრიან და ხელოვნურად გაშენებულ დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ. ულამაზესი ხეების მოგზაურობის მომაჯადოვებელი სურათის ფონზე იკვეთება ადამიანის მიერ ბუნების მოთვინიერების თემა და სხვა უნივერსალური საკითხები".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე