12-13 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი იმართება

საქართველო, თბილისი - 10:46 | 13.10.2021
ნანახია: 86

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები იმართება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის, ევროკავშირის, გაერო-ს, ეუთო-ს თანათავმჯდომარეობითა და აშშ-ის მონაწილეობით.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია.  შეხვედრებს ასევე ესწრებიან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეები განიხილავენ ყველა იმ საკითხს, რომელიც უკავშირდება რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებს. მწვავედ დაისმება რუსეთის მიერ ანექსიის პროცესის გააქტიურების საკითხი, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ოკუპირებული აფხაზეთის მონაკვეთის „დელიმიტაცია-დემარკაციისა" და სოფ. აიბღას ნაწილის მიერთების კუთხით მოსკოვის უკანონო მცდელობები, აგრეთვე "ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის" იმპლემენტაციის თვალსაზრისით გააქტიურებული ნაბიჯები. 

 საქართველოს დელეგაცია დააყენებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ირაკლი ბებუასა და საქართველოს სხვა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს, ასევე განხილული იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მწვავე ჰუმანიტარული მდგომარეობა. ადგილზე გახშირებული პროვოკაციების ფონზე, ხაზი გაესმება გალის ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის აუცილებლობას.

საქართველოს დელეგაციის ძალისხმევა მიმართული იქნება მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე - უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებზე, ძალის არგამოყენებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე - საგნობრივი მსჯელობის წარმართვისა და პროგრესის მიღწევისაკენ.

ქართული მხარე აქცენტს გააკეთებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც სამართლებრივად დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროსა და ოკუპაციის შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებში. ხაზი გაესმება, რომ სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება ახალ ეტაპს ქმნის დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე