სალომე ზურაბიშვილმა დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველო, თბილისი - 21:33 | 27.09.2021
ნანახია: 376

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საზღვარგარეთ მოდის დიზაინერი, მოდის სახლ Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია მოდის სახლში Balenciaga გაიმართა.

პრეზიდენტმა დემნა გვასალიას საქართველოს სახელმწიფო ჯილდო მოდის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისა და საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის გადასცა.

"სოხუმის დაცემის დღე არის მთელი საქართველოსთვის გლოვის დღე, ჩვენი დროშები დაშვებულია, მაგრამ მე რომ დღეს, აქ ვარ თქვენთან იმისთვის, რომ ეს სახელმწიფო ჯილდო გადმოგცეთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მაინც უკვე გავიმარჯვეთ. რომ ამ დღეს შეიძლება, ასეთი წარმატებული იყოს აფხაზეთიდან წამოსული ადამიანი, რომელმაც დაიპყრო მსოფლიო, შეიძლება ითქვას, თავის დარგში, თავისი ნიჭით, თავისი მუშაობით, ჩვენი პატარა ქვეყნისთვის ეს არის ძალიან დიდი მაგალითი", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა დაჯილდოების ცერემონიალზე.

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ვიცე-პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარს, სიკვდილის შემდეგ, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

პრეზიდენტმა პარიზში დააჯილდოვა ქართული ემიგრაციის გამორჩეული წარმომადგენლები. მათ შორის, მან ბრწყინვალების ორდენით სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა ღირსი მამა ილია (ელი) მელია და დიპლომატი, მთარგმნელი და თეოლოგი კონსტანტინე ანდრონიკოვი (ანდრონიკაშვილი).

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, ტრიუმფალურ თაღთან საფრანგეთისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე