თალიბანის ვიცე-პრემიერი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 19:00 | 24.09.2021
ნანახია: 411

ავღანეთში თალიბანის რეჟიმის მაღალი რანგის წარმომადგენელსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელს შორის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას თალიბანის პოლიტიკური ფრთის წარმომადგენელი მუჰამედ ნაიმი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ნაიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა თალიბანის დროებითი მთავრობის ვიცე-პრემიერ აბდულ ღანი ბარადარსა და ალექსეი მაქსიმოვს შორის შედგა.

"შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანასთან დაკავშირებული საკითხები, რეგიონალური უსაფრთხოება და ავღანეთში არსებული მდგომარეობა", - ნათქვამია ნაიმის კომენტარში.

"ეხო კავკაზას" ინფორმაციით, სექტემბერში ალექსეი მაქსიმოვი ცხინვალში მოსკოვიდან მიიწვიეს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო დაზვერვის უფროსის მოადგილედ დანიშნეს, შემდეგ კი მოსკოვში მიავლინეს წარმომადგენლად.

ცხინვალის ოფიციალური წყაროები ჯერ არ ავრცელებენ ინფორმაციას ალექსეი მაქსიმოვის თალიბანის წარმომადგენელთან შეხვედრის შესახებ.

აგვისტოში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეპუტატმა დავით სანაკოევმა არ გამორიცხა თალიბანის მიერ სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური აღიარება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე