იაპონიაში რუსეთის საელჩო მოითხოვს, ოლიმპიურმა კომიტეტმა რუკაზე ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში გამოსახოს

საქართველო, თბილისი - 14:24 | 24.07.2021
ნანახია: 617

იაპონიაში რუსეთის საელჩომ მოუწოდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა და ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს, რუკაზე ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დააბრუნოს. განცხადება საელჩოს სოციალურ ქსელში გავრცელდა.

"ყირიმი რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ნაწილია, მისი კუთვნილების საკითხი საბოლოოდ და შეუქცევადად დახურულია. მოველით, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და საორგანიზაციო კომიტეტი რუკაზე ყირიმის გამოსახულებას სამართლებრივ და ობიექტურ რეალობასთან შესაბამისობაში მოიყვანს", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საელჩო ამტკიცებს, რომ "ყირიმი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად შევიდა რუსეთის შემადგენლობაში".

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვებგვერდზე გამოსახულ მსოფლიო რუკაზე თავდაპირველად ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში იყო შეყვანილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროტესტი გამოხატა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და კომიტეტს მოსთხოვა, ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში დაებრუნებინა.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ბოდიში მოიხადა დაშვებული შეცდომისთვის და ყირიმი საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით, უკრაინის შემადგენლობაში გამოსახა.

რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია 2014 წლის მარტში მოახდინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე