ბრაზილიის ხელისუფლება ნეიმარს გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 13:11 | 03.02.2016
ნანახია: 2211

ბრაზილიის ხელისუფლება ეროვნული ნაკრებისა და ესპანეთის ”ბარსელონას” ფეხბურთელს ნეიმარს თაღლითობასა და გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ BBC News-ი იუწყება.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ფეხბურთელს დარღვევები ესპანეთში გადასვლამდე - 2006-2013 წლებში ჰქონდა. ნეიმარს ბრალდებას ოთხი პუნქტით უყენებენ. საქმის ფიგურანტებად სახელდებიან ფეხბურთელის მამა, ასევე ”ბარსელონას” ყოფილი და ახლანდელი პრეზიდენტები სანდრო როსელი და ხოსე მარია ბარტომეუ. სხვა დეტალები არ ზუსტდება.

პარალელურად საქმეს, რომელიც ”სანტოსიდან” ”ბარსელონაში” ნეიმარის გადასვლას ეხება, მადრიდის სასამართლო განიხილავს. გამოძიების ვერსიით, 2013 წელს კატალონიელებს მოთამაშის ტრანსფერი ოფიციალურად გაცხადებულ 57,1 მლნ ევროზე გაცილებით მეტი დაუჯდათ.

გამოძიებისას ბარტომეუმ აღიარა, რომ გადასახადების გათვალისწინებით ბრაზილიელის გადასვლა ”ბარსელონაში” კლუბს 86,2 მლნ ევრო დაუჯდა.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ფორვარდმა ”ბარსელონაში” 26 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე