ავღანეთიდან ქართველი მშვიდობისმყოფელების დაბრუნების პროცესი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 14:39 | 21.06.2021
ნანახია: 544

ნატო-ს გადაწყვეტილებით, ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ მიმდინარე წლის სექტემბრამდე ეტაპობრივად დასრულდება. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით ტოვებენ ავღანეთს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დღეიდან ავღანეთში დისლოცირებულმა ბოლო ქართულმა ქვედანაყოფმა დაიწყო სამშობლოში დაბრუნება.

„მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის პირველი ნაწილი საქართველოში ჩამოფრინდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დახვდნენ. მათ მშვიდობისმყოფელებს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფარგლებში გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.

32-ე ბატალიონი საქართველოში ეტაპობრივად ჩამოვა. ქვედანაყოფის სრულად დაბრუნების შემდეგ საქართველოს თავდაცვის ძალების ჩართულობა ნატოს ეგიდით ავღანეთში განხორციელებულ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში დასრულდება. 32-ე ბატალიონი მისიით გათვალისწინებულ ამოცანებს, ექვსი თვის განმავლობაში, ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. ამავე ბრიგადის ნაკრები ასეული კი, რომელიც „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მაზარ-ი-შარიფში ასრულებდა, საქართველოში ერთი თვის წინ დაბრუნდა. ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში საქართველო 2004 წლიდანაა ჩართული და ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი კონტრიბუტორია“, – აღნიშნულია ინფორმაციში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე