იმედია, მომავალ კვირას "ფაიზერისგან" გვექნება კონკრეტული ინფორმაცია როდის შემოვა პირველი დოზები - გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 21:47 | 27.02.2021
ნანახია: 540

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ "მომავალ კვირას "ფაიზერისგან" გვექნება კონკრეტული ინფორმაცია თარიღებზე, როდის შემოვა პირველი დოზები".

გამყრელიძის მტკიცებით, "კოვაქსის" პლატფორმის გარდა, ვაქცინის შემოტანაზე მუშაობა მიმდინარეობს პირდაპირ "ფაიზერთან", "ასტრაზენეკასთან", "მოდერნასთან" და კიდევ რამდენიმე კომპანიასთან.

"ფაიზერთან" ისევ საუბარი მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, "ფაიზერი" "კოვაქსის" პლატფორმით უნდა შემოვიდეს. ახლა პირდაპირი კომუნიკაციაა ასევე "ფაიზერთანაც“. მომავალ კვირაში დანიშნულია ტელეკონფერენცია სამინისტროს ხელმძღვანელობით და იმედია, "ფაიზერისგან" გვექნება კონკრეტული ინფორმაცია თარიღებზე, როდის შემოვა პირველი დოზები.

ასევე, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა „კოვაქსთან“ უკვე სხვა ვაქცინებზე, მათ შორის პირველ რიგში არის "ასტრაზენეკა". ასევე მიმდინარეობს მუშაობა პირდაპირ "ასტრაზენეკასთან", "მოდერნასთან", კიდევ რამდენიმე კომპანიასთან და ქვეყანასთან. მიმდინარეობს მუშაობა ახალ ვაქცინებზე, რომლებიც უკვე უნდა გამოჩნდეს ბაზარზე დაახლოებით მაისი-ივნისში. მრავალმხრივი მუშაობა მიდის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მივიღოთ ვაქცინა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე