სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB" დონეზე შეუნარჩუნა

საქართველო, თბილისი - 11:46 | 27.02.2021
ნანახია: 522

პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შემდეგ, კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB" დონეზე დატოვა.

მიუხედავად პერსპექტივის გაუარესებისა, (რომელიც უპირატესად ტურიზმის გლობალური აღდგენის შესახებ სააგენტოს შეფასებას უკავშირდება) რეიტინგის შენარჩუნება ჩვენი მნიშვნელოვანი მიღწევაა. მთავრობა კვლავაც ინარჩუნებს მიზანს - საქართველომ 2024 წლამდე მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი, რომლის მიღწევამდე 2 საფეხური დარჩა.

რეიტინგის შენარჩუნება ადასტურებს, რომ მთავრობის მიერ გატარებული გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საფრთხე არ ემუქრება ქვეყნის ფისკალურ სტაბილურობას.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად წლის დასაწყისში არსებული ეკონომიკური ზრდის ორნიშნა ნიშნულამდე შემცირებისა, ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივა როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ისე სარეიტინგო სააგენტოების მხრიდან არის დადებითი. კონკრეტულად სააგენტო S&P Global-ის მოლოდინით, 2021 წელს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.0 პროცენტი იქნება, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია რეგიონში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია სააგენტოს შეფასება, რომ საქართველო ნაკლებად მოწყვლადია ინვესტორების განწყობის ცვლილებების მიმართ BB კატეგორიის ქვეყნებთან შედარებით. ეს კი პოსტპანდემიურ პერიოდში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სწრაფი აღდგენის პერსპექტივას ქმნის.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს გააჩნია გამორჩეული ინსტიტუციონალური გარემო. ამასთან, პოზიტიურად არის შეფასებული ის ფაქტი, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ქვეყანამ დროულად მიიღო დაფინანსება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან. ამასთან აღნიშნულია, რომ საგარეო დაფინანსების მოპოვებამ, დადებითი წვლილი შეიტანა მთავრობის ვალის სტრუქტურაში, მისი საშეღავათო ხასიათიდან, მაღალი ვადიანობისა და დაბალი რისკიდან გამომდინარე.

სააგენტოს მიერ განსაზღვრული „ნეგატიური" პერსპექტივა, ძირითადად, გამოწვეულია გლობალურად, ტურიზმის აღდგენის შედარებით ნელი პერსპექტივიდან გამომდინარე. S&P Global-ის შეფასებით, ტურიზმის აღდგენა მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში, შედარებით ნელი ტემპებით მოხდება, ვიდრე ამას დასაწყისში ელოდნენ. ტურიზმის სწრაფი აღდგენის შემთხვევაში, რისი მაღალი მოლოდინიც გვაქვს, კომპანია გამოხატავს პერსპექტივის აღდგენის მზაობას.

საფინანსო ინსტიტუტების დროული მხარდაჭერა არის გონივრული მაკროეკონომიკური მმართველობისა და საერთაშირისო სავალუტო ფონდთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგი. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარება მიმართული იყო როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების, ისე სხვადასხვა პროექტისა და რეფორმების მხარდასაჭერად.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოს არ შეუჩერებია ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორიცაა: პენსიების ინდექსირება, დღგ-ს სრულად ავტომატური დაბრუნების რეფორმა და სხვა.

ქვეყანაში ბოლო დღეებში მიმდინარე პოლიტიკური არასტაბილურობა, როგორც მოსალოდნელი იყო, ასახულია სააგენტოს ანგარიშში და აღნიშნულია, რომ ამ პროცესმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ინვესტორების ნდობას და საშუალოვადიან პერსპექტივაში შეამციროს ინვესტიციების მოცულობა.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს სტაბილური პოლიტიკური გარემო, რათა ხელი არ შეეშალოს პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენისა და გაჯანსაღების პროცესს.

მაკროეკონომიკური სტაბილურობის კიდევ უფრო გაძლიერება, აისახება საკრედიტო რეიტინგებზე და საბოლოოდ, მიგვიყვანს საინვესტიციო რეიტინგამდე, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს მაღალ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე