აქტიურად ვმუშაობთ, რომ ტურიზმი ფეხზე დროულად წამოდგეს - ნათია თურნავა

საქართველო, თბილისი - 14:04 | 20.02.2021
ნანახია: 163

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ ტურიზმი, როგორც პანდემიის შედეგად ყველაზე დაზარალებული სექტორი, დროულად წამოდგეს ფეხზე," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი განცხადებით, სამინისტროში ტურისტულ ბიზნესებთან ერთად ტურიზმის განახლებული მარკეტინგული სტრატეგიის განხილვა მიმდინარეობს.

„მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ტურიზმის სექტორი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იყო. სამომავლოდ, ვიზიტორებისთვის უფრო მეტად დივერსიფიცირებული და ხარისხზე ორიენტირებული ტურისტული პროდუქტები იქნება შეთავაზებული. ჩვენ დღეს ვპოზიციონირებთ, როგორც უსაფრთხო ტურისტული ქვეყანა. ვფიქრობ, რომ ტურიზმის აღდგენა ამ მიმართულებით სწრაფად მოხდება," - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

ამავე დროს, ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ დარგები, რომლებიც ამჟამად, წერტილოვანი შეზღუდვის ფარგლებში, შეზღუდულად საქმიანობენ, უსაფრთხოდ, მაგრამ სრულად უნდა ამუშავდნენ. „ეს არის ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღების საწინდარი და ამაზე გვექნება მსჯელობა განახლებული კაბინეტის ფარგლებში," - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე