როგორ შეცვალა ვაქცინებმა მსოფლიო. ვაქცინაციის ისტორია მე -18 საუკუნიდან დღემდე

საქართველო, თბილისი - 22:00 | 14.12.2020
ნანახია: 2077

Covid-19-ის პანდემიამ შეახსენა კაცობრიობას, თუ რამდენად საშიში და დამანგრეველია ინფექციური დაავადებების აფეთქება. ასევე შეახსენა, ასეთ შემთხვევებში, როგორც ხდება ვაქცინა ერთადერთი იმედი ნორმალურ ცხოვრებასთან დასაბრუნებლად.

კორონავირუსი არ არის პირველი მტერი, რომლის წინააღმდეგ საუკეთესო იარაღი მასობრივი ვაქცინაცია უნდა გახდეს. მსოფლიოში ასობით მილიონობით ადამიანს გაუმართლა და გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ შეიქმნა უხილავი მკვლელის საწინააღმდეგო ვაქცინა.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს, როგორ შეცვალა ვაქცინამ ადამიანთა ცხოვრება.

 

ყვავილი

 

ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ამ სფეროში ყველაზე წარმატებულია. უკიდურესად გადამდებმა დაავადებამ მხოლოდ მეოცე საუკუნეში 300 მლნ ადამიანი იმსხვერპლა. უფრო ადრეულ პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობა უცნობია, რადგან ამ მონაცემების შეგროვება შეუძლებელია.

ყვავილით დაავადებულების 30 პროცენტი იღუპებოდა. მათი უმეტესობა ტანჯვით, რადგან ინფიცირებულთა სხეულები მთლიანად დაფარული იყო ჩირქოვანი 

აბსცესით. ცოცხლად გადარჩენილები ბრმავდებოდნენ, ან მათ კანზე სამუდამოდ რჩებოდა დაავადების კვალი.

ასწლეულის განმავლობაში, ადამიანები სასოწარკვეთილნი ეძებდნენ ყვავილის საწინააღმდეგო საშუალებას. საბოლოოდ კი შექმნეს პირველი ვაქცინა.

იდეა, რომ ხელოვნურად გამოწვეული დაავადების მსუბუქი ფორმა ადამიანს იმუნიტეტს შეძენდა, სავარაუდოდ, ჩინეთში გაჩნდა. წყაროების თანახმად, დაახლოებით 1000 წელს ყვავილით დაავადებულებს ცხვირში აყრიდნენ წვრილად დაფქული ქერქის ფხვნილს და ყურებში უთავსებდნენ ყვავილის ჩირქში დასველებულ ბამბას.

აფრიკაში ნემსის მეშვეობით კანში შეყავდათ ჩირქით გაჟღენთილი ძაფი.

ბრიტანეთში, მე-18 საუკუნეში ასეთ ვაქცინაციას ფართო პროპაგანდას უწევდა ცნობილი არისტოკრატი და ინტელექტუალი ლედი მერი მონტეგიუ, რომელმაც ახალგაზრდობაში თავად გადაიტანა ყვავილი. ის შესაბამის პრაქტიკას ეზიარა თურქეთში, სადაც მისი ქმარი ელჩად მსახურობდა.

ეს მეთოდი საიმედოობით არ გამოირჩეოდა. დაახლოებით, ყოველი 30-ე პაციენტი ყვავილის მძიმე ფორმით ავადდებოდა და იღუპებოდა.

ამასთან, ინგლისელმა ფერმერებმა შეამჩნიეს, რომ პირუტყვის ყვავილი ადამიანისთვის გადამდები იყო, მაგრამ არა სასიკვდილო. ამ მოვლენის შესწავლისას ექიმმა

 

 
ჯენერი ვაქცინას უკეთებს 8 წლის ბავშვს


ედვარდ ჯენერმა პირუტყვის ყვავილის საფუძველზე შექმნა საიმედო და უსაფრთხო ვაქცინა.

1796 წლის 14 მაისს, ჯენერმა ვაქცინა გაუკეთა რვა წლის ბიჭს, რომელმაც სიბერემდე იცოცხლა. ორი წლის შემდეგ კი გამოუშვა ბროშურა, საკუთარი ხარჯით, რადგან მეცნიერთა საზოგადოება ჯენერის მეთოდს უნდობლობით უყურებდა.

ყოველგვარი ეჭვი მაშინ გაიფანტა, როდესაც ბრიტანეთის არმიისა და ფლოტის სამხედრო მოსამსახურეებს აცრა გაუკეთდათ და არცერთ მათგანს ჯანმრთელობის პრობლემა არ შეექმნა.

ღარიბ ქვეყნებში ყვავილი კიდევ 150 წელი მძვინვარებდა. ის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 1967 წელს დაწყებული მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების შემდეგ დასრულდა და სრულად აღმოიფხვრა.

 პოლიომიელიტი

ამ დაავადებამ არანაკლები რაოდენობის ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე. პოლიომიელიტით ძირითადად ბავშვები ავადდებიან.

ვირუსი ორგანიზმში პირიდან ხვდება, შემდეგ გადადის სისხლში და აინფიცირებს ნერვულ სისტემას. ხშირად იწვევს უკურნებელ პარალიზებას. უმეტესად აზიანებს ფეხებს, მაგრამ ყოველი მეათე პაციენტი კვდება ფილტვების დამბლით გამოწვეული დახრჩობის შედეგად.

ასეთი პაციენტების ერთადერთი იმედი იყო ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. სპეციალური კამერები, რომელიც 1920-იან წლებში შეიქმნა. ლითონის სათავსოში ადამიანები კვირებს, ზოგჯერ კი მთელ თავის დარჩენილ სიცოცხლეს ატარებდნენ.

 

რადგან პოლიომიელიტს, ყვავილისგან განსხვავებით გარეგანი ნიშნები არ გააჩნია, მისი ინფექციური ბუნება მხოლოდ 1905 წელს შვედმა ექიმმა ივარ ვიკმანმა დაადგინა.

იმ პერიოდში დიდ ქალაქებში სასმელი წყლის გაუმჯობესებულმა ხარისხმა, შეამცირა როგორც პოლიომიელიტის შემთხვევების რაოდენობა, ისე ადამიანთა რაოდენობაც რომელთაც ამ დაავადების მიმართ იმუნიტეტი ჰქონდათ.

არსებობდა მოსაზრება, რომ პოლიომიელიტი მხოლოდ განვითარებული ქვეყნების პრობლემა იყო, რაც მცდარი აღმოჩნდა. 1952 წელს ამერიკელმა ექიმმა ჯონას სალკმა შექმნა პოლიომიელიტის ვაქცინა. 1961 წელს მისმა კოლეგამ ალბერტ სეიბინმა მოიფიქრა გაუმჯობესებული ვერსია, პაციენტი არ უნდა აცრილიყო, მას წამალი უნდა გადაეყლაპა. დაავადების შემთხვევებმა აშშ-სა და ევროპაში სწრაფად დაიწყო კლება.

პოლიომიელიტის ვაქცინას ერთ-ერთი საშინელი შეცდომა უკავშირდება მთელი ვაქცინაციის ისტორიაში. 1955 წელს ამერიკულმა ფირმამ Cutter Laboratories-მა შეცდომით გამოუშვა პრეპარატის ასი ათასზე მეტი დოზა, რომელიც პოლიომიელიტის ცოცხალ ვირუსს შეიცავდა. გარდაიცვალა 10 ბავშვი, 160 კი მთელი ცხოვრება პარალიზებული დარჩა.

1988 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაიწყო მთელ მსოფლიოში პოლიომიელიტის აღმოფხვრის პროგრამა. 1994 წელს დაავადებისგან თავისუფალ ქვეყნებად გამოცხადდა აშშ, 2000 წელს ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, 2002 წელს ევროპა, 2014 წელს სამხრეთ-აღმოსავლთ აზია. ექსპერტების შეფასებებით, პოლიომიელიტის ვაქცინის მეშვეობით მსოფლიოში გადარჩა მილიონნახევარი ადამიანი, 18 მილიონმა კი სიარული შეძლო.

ამჟამად პოლიომიელიტი თავს გვახსენებს მხოლოდ ავღანეთში, პაკისტანსა და ნიგერიაში. ამ ქვეყნებში წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევა ფიქსირდება.

წითელა

წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია წარმოადგენს ერთდროულად წარმატებისა და წარუმატებლობის მაგალითს.

 

აფრიკაში ებოლას აფეთქებამ 20 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, წითელამ კი გასულ წელს 207 500 ადამიანი შეიწირა, იმის მიუხედავად, რომ მისი საწინააღმდეგო ვაქცინა 1963 წლიდან არსებობს.

უკიდურესად გადამდები ვირუსი ხველისა და ცემინების დროს, ან დაავადებულთან პირდაპირი კონტაქტის დროს წვეთებით ვრცელდება, იწვევს მაღალ ტემპერატურას და გამონაყარს, მძიმე შემთხვევებში დიარეას, პნევმონიას და თავის ტვინის გარსის ანთებას.

წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნამდე წელიწადში საშუალოდ 2,6 მლნ ადამიანი იღუპებოდა. მაგრამ მისი სრულად დამარცხება მაინც ვერ მოხერხდა, რადგან მაღალი გადამდებობის გამო კოლექტიური იმუნიტეტი მაშინ დგება, როდესაც ადამიანთა 95 პროცენტია აცრილი.

აშშ-სა და ევროპაში წითელათი დაავადების შემთხვევებმა ბოლო წლებში ისევ იმატა. ეს გამოიწვია აცრის მოწინააღმდეგეთა ფართო პროპაგანდამ სოციალურ ქსელებში. განსაკუთრებით ამას ბიძგი მისცა 1998 წელს ბრიტანელი ექიმის ენდრიუ უეიკფილდის სტატიამ იმის შესახებ, რომ თითქოს წითელას, ღორის გრიპისა და წითურას აცრები ბავშვებში იწვევდა აუტიზმს. იმის მიუხედავად, რომ ეს მოსაზრება უარყოფილი იყო და თავად უეიკფილდს ექიმის ლიცენზიაც ჩამოერთვა, მის მიერ დათესილმა თესლმა ნაყოფი გამოიღო.

თუ კი განვითარებულ ქვეყნებში წითელათი დაავადებულები იშვიათად იღუპებიან, აფრიკაში ვითარება გაცილებით რთულადაა. კონგოში წითელას აფეთქებამ გასულ წელს 7 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათი უმეტესობა ბავშვი იყო.

განვითარებად ქვეყნებში მთავარ პრობლემად რჩება ვაქცინის ნაკლებობა და სამედიცინო ინფრასტრუქტურის არარსებობა.

მალარია

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ადამიანები მალარიით უძველესი პერიოდშიც ავადდებოდნენ. დღეს კი კაცობრიობის ნახევარი მალარიით დაავადების რისკის ქვეშ არის, 400 ათასი კი ყოველ წელს ამ დაავადებით იღუპება.

მალარიით გარდაცვალების შემთხვევები ძირითადად აფრიკაში ფიქსირდება.

დაავადებას იწვევს ერთუჯრედიანი ბაქტერია-პარაზიტი, რომელიც ადამიანის სისხლში მაშინ აღწევს როდესაც მას მალარიის კოღო უკბენს.

მალარიასთან ბრძოლის ძირითად საშუალებას წარმოადგენს ჭაობების დაშრობა, სადაც კოღოები მრავლდებიან, მწერების საწინააღმდეგო ბადეები, ასევე წამლები, რომლებიც ადრეულ სტადიაზე დაავადებას ამარცხებენ.

მალარიის ვაქცინის შექმნა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, იმის მიუხედავად, რომ მის დასამზადებლად 32 წელი და 700 მლნ დოლარი დაიხარჯა.

ვაქცინის ერთადერთი ნიმუშის გამოცდა მიმდინარეობს განაში, მალავსა და კენიაში, რომელიც 2023 წელს უნდა დასრულდეს. არსებული მონაცემებით, ის იცავს მალარიისგან შემთხვევების 40 პროცენტს და ისიც მხოლოდ ოთხი წლის განმავლობაში. ეს ძალიან სუსტი მაჩვენებლებია სხვა ვაქცინებთან შედარებით. ამასთან, საჭიროა ოთხი აცრის გაკეთება.

სპეცილისტები გამოთქვამენ ფრთხილ ოპტიმიზმს, თუმცა ამბობენ, რომ მალარიის ვაქცინა პანაცეა ვერ გახდება.

წყარო: BBC

ფოტო: Getty Images

 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე