დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 14:07 | 20.10.2020
ნანახია: 674

ნაფიცმა მსაჯულებმა დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. მსაჯულებმა ვერდიქტი ერთხმად მიიღეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე ბრალდებულს 20 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

"ნაფიცმა მსაჯულთა სასამართლომ სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნია ზ.მ-ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტი. მათ გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად, სათათბიროდ გასვლიდან ორ საათში მიიღეს და ბრალდებული ზ.მ. დამნაშავედ ცნეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში. ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და მას სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს

დოდო და ნოდარ გუგეშაშვილებს თავს მათსავე საცხოვრებელ სახლში, 2018 წლის 7 თებერვალს დაესხნენ. სროლის შედეგად დაიჭრა დოდო გუგეშაშვილი, მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი კი ადგილზე დაიღუპა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე