New York Times-მა დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციებზე წვდომა მოიპოვა

საქართველო, თბილისი - 16:10 | 28.09.2020
ნანახია: 458

გაზეთმა The New York Times-მა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლრაციებზე წვდომა მოიპოვა.  

დეკლრაციების გამოქვეყნება რამდენიმე წელია სასამართლო დავის საგანია. ტრამპი უარს ამბობს მათ გამოქვეყნებაზე და ამტკიცებს, რომ ამას კანონი არ ავალდებულებს. New York Times-ი არ იტყობინება თუ რომელმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია.          

როგორც გაზეთი ამტკიცებს, დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ ტრამპმა, რომლის ქონებაც 2 მილიარდზე მეტს შეადგენს, ფედერალური საშემოსავლო გადასახადის სახით, სულ 750 დოლარი გადაიხადა 2016 წელს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა და 2017 წელს თეთრ სახლში ყოფნის პირველ წელს.

გამოცემა ასევე ამტკიცებს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მას ფედერალური საშემოსავლო გადასახადები საერთოდ არ გადაუხდია,

New York Times-ი აღნიშნავს, რომ საუბარია დოკუმენტებზე, რომლებიც არ შეიცავს ცნობებს ტრამპის რომელიმე მანამდე უცნობ ბიზნესზე.

კვირას, თეთრ სახლში, პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ტრამპმა ინფორმაციას „ყალბი ცნობები“ უწოდა და განაცხადა, რომ გადასახადებს იხდიდა, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა. იუწყება „ამერიკის ხმა“.

Trump Organization-ის იურისტმა ალან გარტენმა მანამდე განაცხადა, რომ „მოყვანილი ფაქტების დიდი ნაწილი, თუ არა ყველა, უზუსტობას წარმოადგენს“. მან მიანიშნა, რომ პრეზიდენტმა „ათეული მილიონობით დოლარი ფედერალურ მთავრობას პირადი გადასახადის სახით გადაუხადა, მათ შორის მილიონები 2015 წელს თავისი კანდიდატურის დასახელების მომენტიდან“. შესაძლოა, საუბარია სხვა სახის გადასახადებზე და არა საშემოსავლო გადასახადზე.

ტვიტერში ტრამპმა გამოაქვეყნა პოსტი - „ყალბი ამბები“, თუმცა გაუგებარია ეს ეკუთვნის თუ არა New York Times-ის სტატიას.

New York Times-ი აღნიშნავს, რომ ტრამპი თავის კომპანიას წარმატებული ბიზნესმენის იმიჯით ქმნიდა, თუმცა, გამოცემის აზრით,  საგადასახადო დეკლარაციები აჩვენებს, რომ ის სარგებლობს დაბეგვრის მინიმიზაციის სხვადასხვა სქემით.

სამშაბათს, აშშ-ში ტრამპსა და მის მოწინააღმდეგე დემოკრატ ჯო ბაიდენს შორის წინასაარჩევნო დებატები უნდა გაიმართოს, ჯერჯერობით, გამოკითხვების უმეტესობით საარჩევნო რბოლაში ბაიდენი ლიდერობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე