ევროკავშირი ლუკაშენკას ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობს - ჟოზეპ ბორელი

საქართველო, თბილისი - 21:13 | 15.09.2020
ნანახია: 540

ევროკავშირი ლუკაშენკას ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოების პოლიტიკასა და საგარეო საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.

ბლოკის მთავარი დიპლომატის თქმით, ევროკავშირი ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ ამზადებს პერსონალურ სანქციებს, რომელიც უახლოს მომავალში ამოქმედდება.

"9 აგვისტოს გამართული ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა, რის გამოც ევროკავშირი არ ცნობს ლუკაშენკას ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად", - განაცხადა ბორელმა.

ბორელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ბელარუსის მოქმედ ხელისუფლებას, შეწყვიტონ მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა და დაკავებები, ასევე იპოვონ შესაძლებლობა ეროვნული დიალოგის დასაწყებად.

თვეზე მეტია ბელარუსში გრძელდება მასობრივი პროტესტი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ, რომელშიც გამარჯვებული გამოცხადდა ამჟამინდელი სახელმწიფოს მეთაური ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ამ თანამდებობას 1994 წლიდან იკავებს.

არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ცესკოს მიერ დამტკიცებული შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა 80.1% -მა ხმა მისცა ლუკაშენკას, 10.12% - მის მთავარ მოწინააღმდეგეს სვიატლანა ციხანოუსკაიას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე