ევროპაში, 21-ე საუკუნეში ეს სისასტიკე მიუღებელია - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსის ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერებას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 18:13 | 13.08.2020
ნანახია: 255

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარასკევს ბელარუსთან დაკავშირებულ საგანგებო შეხვედრაზე უნდა გააძლიერონ ზეწოლა ბელარუსის ხელისუფლებაზე.

ევროკავშირის რეაქციაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ წევრი-ქვეყნები აგრძელებენ კონსულტაციებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა უპასუხონ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს.

 „ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად აშკარა სასტიკი დამოკიდებულებაა - დაკავებები მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტების. ევროპაში, 21-ე საუკუნეში ეს მიუღებელია. ამიტომ ჩვენ მომავალშიც გავაძლიერებთ ზეწოლას ხელისუფლებაზე“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე მინისტრმა.

მან გაიხსენა, რომ ბოლო წლებში ევროკავშირმა შეარბილა სანქციები ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დაცვის გაუმჯობესების გამო, მაგრამ „ახლა ეს არ დასტურდება, ამიტომ აუცილებელია სანქციების საკითხზე საუბარი. ვიმედოვნებ, რომ ხვალ ამ საკითხზე საერთო გადწყვეტილება იქნება მიღებული“, - აღნიშნა მაასმა.

ბელარუსში მეოთხე დღეა არ წყდება საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეებიც არ ეთანხმებიან 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. ცესკოს  წინასწარი მონაცემებით ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80,09 პორცენტი დააგროვა, მისმა პოლიტიკურმა მოწინააღმდგემ კი - 10,0%.

საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა ერთი ადამიანი, 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაკავებულია 7 თასამდე მოქალაქე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე