ნიუ იორკში, ბოლო თვეების განმავლობაში, პირველად, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

საქართველო, თბილისი - 23:06 | 13.07.2020
ნანახია: 598

ნიუ იორკში, რომელიც აშშ-ში კორონავირუსის პანდემიის ცენტრს წარმოადგენდა, გასულ 24 საათში, ბოლო თვეების განმავლობაში, პირველად, „კოვიდ-19“-სგან არავინ გარდაცვლილა. ამის შესახებ ქალაქის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა.

ყველაზე ცუდ დღეებში, ნიუ იორკის შტატში ერთ დღე-ღამეში დაახლოებით 700 ადამიანი იღუპებოდა, 3 ათასზე მეტი კი საავადმყოფოებში ხვდებოდა. დღეის მონაცემებით, ქალაქ ნიუ იორკში კორონავირუსით 18 708 ადამიანი გარდაიცვალა. სავარაუდოდ, კიდევ 4 615 ადამიანი  ამ ვირუსს ემსხვერპლა.

 „ის ფაქტი, რომ თვეების განმავლობაში პირველად, გასულ 24 საათში, ქალაქში კორონავირუსისგან არავინ გარდაცვლილა, საოცრებაა. ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორ იბრძვის ქალაქი, როგორ არ ნებდებიან ადამიანები“, - განაცხადა დე ბლაზიომ. მისი თქმით, ეს აჩენს იმედს, თუმცა ყველაფერი  ჯერ კიდევ წინ არის. „ეს დაავადება ჯერ კიდევ არ დამარცხებულა“, - აღნიშნა ბლაზიომ.

ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამჟამად ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა ყველაზე დაბალია 18 მარტის შემდეგ - საავადმყოფოებში 792 ადამიანი იმყოფება, 12 ივლისს კორონავირუსისგან შტატში 10 ადამიანი გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე