გიორგი შაქარაშვილის ოჯახის პოზიციაა, რომ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლი Toyota Camry-ის 6-ვე მგზავრს უნდა წაუყენონ - მირიან ნიკოლაძე

საქართველო, თბილისი - 17:50 | 10.07.2020
ნანახია: 712

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის პოზიციაა, რომ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლი Toyota Camry-ის 6-ვე მგზავრს უნდა წაუყენონ. ამის შესახებ გარდაცვლილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული დამნაშავეების დასჯას და, შესაბამისად, ველოდებით, როდის იქნება წარდგენილი კონკრეტული ბრალდებები და როდის დაისჯებიან დამნაშავეები გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე", - თქვა გარდაცვლილის ბიძამ.

დღეს, 10 ივლისს ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილი ასფიქსიით, წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. გარდა ამისა, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.

დასკვნის გამოქვეყნებისთანავე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება და სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე