სომხეთში 4 წლის ბავშვს, რომელსაც COVID-19 ჰქონდა დადასტურებული, კავასაკის სინდრომი დაუდგინდა

საქართველო, თბილისი - 14:13 | 03.06.2020
ნანახია: 819

სომხეთში 4 წლის ბავშვს, რომელსაც მანამდე COVID-19, ჰქონდა დადასტურებული,  კავასაკის სინდრომი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი ავრცელებს.

„სამწუხაროდ, 4 წლის ბავშს, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა დადასტურებული, დაუდგინდა კავასაკის სინდრომი“, - დაწერა ტოროსიანმა Facebook-ზე.

მისი თქმით, ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ბოლო თვეების მანძილზე, ბავშვების უჩვეულო რაოდენობა იშვიათი სინდრომით ავადდება ქვეყნებში, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალებულად მიიჩნევიან ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო. ხშირ შემთხვევაში, ბავშვები, რომლებსაც ხსენებულ დიაგნოზს უსვამენ, ასევე ინფიცირებულნი არიან COVID-19-ით.

ქართველი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერდა, რომ  კავასაკის სინდრომი არის მწვავე, ცხელებით მიმდინარე დაავადება, რომელიც ყველაზე ხშირად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება.

„ახასიათებს ასევე ლიმფური კვანძების გადიდება, „ჟოლოსებრი“ ენა, გამონაყარი და ა.შ. დაავადების დროს ხდება სისხლძარღვების და გულის დაზიანება. უმეტეს შემთხვევაში განკურნებით მთავრდება, თუმცა შეიძლება მძიმე გართულებებიც ახლდეს თან.

ეს არის გულის შეძენილი დაავადების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ბავშვებში, განვითარებად ქვეყნებში. გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ხშირად ინფექციურ დაავადებებთან არის ასოცირებული. ამიტომ, როდესაც რომელიმე ინფექციური დაავადების მაღალი გავრცელებაა, შეიძლება დაფიქსირდეს კავასაკის დაავადების შემთხვევების მატება, მათ შორის ამჟამად, კორონავირუსის პანდემიის დროს“, - წერდა მაია ბუწაშვილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე