ტაილანდის მეფე თვითიზოლაციაში ჰარამხანასთან და მსახურებთან ერთად გერმანიის კურორტზე იმყოფება

საქართველო, თბილისი - 14:00 | 30.03.2020
ნანახია: 622

ტაილანდის მეფე მაჰა ვაჯირალონგკორნი თვითიზოლაციაში გერმანიაში, ფეშენებელურ სასტუმროში ჰარამხანასთან და მსახურებთან ერთად იმყოფება. მაშინ, როცა მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები, თანამოქალაქეებს მედიკოსების რეკომენდაციების დაცვისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, 67 წლის მონარქი გერმანიაში, შტარნბერგერზეს ტბაზე, 12 მლნ დოლარის ღირებულების მამულში იმყოფება. იუწყება გერმანული გამოცემა Bild-ი.

ტაილანდის მეფე გერმანიაში თავის მრავალრიცხოვან გარემოცვასთან ერთად არის, რომელშიც შედის ჰარამხანა 20 ფავორიტი ქალის შემადგენლობით და უამრავი მსახური. მონარქი სასტუმრო Grand Hotel Sonnenbichl-ში ცხოვრობს. იმის მიუხედავად, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო გერმანიაში ყველა სასტუმრო დაკეტილია, ტაილანდის მეფეს უფლება მისცეს აღნიშნულ სასტუმროში თავის გარემოცვასთან ერთად დაბინავებულიყო.

ინფორმაცია გამოცემას სამთო-სათხილამურო კურორტის ხელმძღვანელობამ დაუდასტურა, სადაც ეს სასტუმროა განთავსებული. კურორტის წარმომადგენელთა განმარტებით, მათი სტუმრები ერთიან ჯგუფს წარმოადგენენ, რის გამოც მათ სასტუმროში ცხოვრების უფლება მიეცათ. სასტუმროში სხვა სტუმრები არ იმყოფებიან. ამასთან, მაჰა ვაჯირალონგკორნის გარემოცვაში მყოფი 119 პირი ბანგკოკში დააბრუნეს, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომების გამო.

იმის მიუხედავად, რომ გერმანიაში COVID-19-ის გავრცელების  საფრთხის გამო საგანგებო ზომები მოქმედებს და ორზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება, ტაილანდის მეფე რამდენჯერმე დაინახეს ველოსიპედით სეირნობისას რამდენიმე ადამიანთან ერთად. უცნობია თუ სად იმყოფება მისი მეუღლე დედოფალი სუთჰიდა, რომელზეც მეფემ გასულ წელს იქორწინა, თუმცა ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, ის თავისი დროის უმეტეს ნაწილს  შვეიცარიის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში ატარებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე