ჩრდილოატლანტიკური საბჭო სირიის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს

საქართველო, თბილისი - 12:05 | 28.02.2020
ნანახია: 251

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის თხოვნით, სირიის საკითხთან დაკავშირებით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიართება.

 „ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან ნატო-ს 29-ვე წევრის ელჩები, 28 თებერვალს,  თურქეთის თხოვნით შეიკრიბება კონსულტაციების გასამართად, სირიის საკითხთან დაკავშირებით“, - ნათქვამია კომუნიკეში.

იდლიბში თურქი სამხედროების კოლონაზე სირიის ავიაციის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 33-ს მიაღწია. დაშავებულია 35-ზე მეტი სამხედრო. თავდასხმა თურქულ კოლონაზე მოხდა. მომხდარის საპასუხოდ, თურქეთმა სირიის სამთავრობო პოზიციებზე იერიშის მიტანა დაიწყო.

თურქეთის მმართველი პარტიის, „სამართლიანობისა და განვითარების“ პრესსპიკერის, ომერ ჩელიკის განცხადებით, თურქეთი თურქ სამხედროებზე თავდასხმას განიხილავს როგორც ნატო-ზე თავდასხმას.

„არ უნდა დავივიწყოთ, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები იცავენ როგორც თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას, ასევე ნატო-ს სამხრეთ საზღვარს. თურქეთზე მიმართული თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ნატო-ზე“, – განაცხადა ომერ ჩელიკმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე