ქართველი ჟურნალისტები ზედმეტად ეგზალტირებული ქალები არიან - ალექსეი პუშკოვი

საქართველო, თბილისი - 10:13 | 26.02.2020
ნანახია: 1410

ქართველი ჟურნალისტები აგრესიულ-ისტერიული ჟურნალისტიკის ყველაზე ცუდ ნიმუშს წარმოადგენენ, მათ ჰგონიათ, რომ პასუხი ძალით უნდა ამოგლიჯონ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორმა ალექსეი პუშკოვმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და ქართველ ჟურნალისტებს შორის ჟენევაში მომხდარი ინციდენტის შესახებ განაცხადა.

„ქართველი ჟურნალისტები ზედმეტად ეგზალტირებული ქალები არიან. მათი შემოტევა არაერთხელ გამოვცადე ჩემს თავზე - მოსკოვში, სტრასბურგსა და ევროპის საბჭოში“, - წერს პუშკოვი მიკრობლოგ Twitter-ზე.

თქვენ ავადმყოფები ხართ, - ასე უპასუხა გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჟენევაში საქართველოს პირველი არხისა და „იმედის“ ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტერიალზე დასწრებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვები უპასუხოდ დატოვა.

ინციდენტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვაც. მისი თქმით,  ქართველმა ჟურნალისტებმა ის "დაკაწრეს".

"ქართველი ჟურნალისტები [ეს უკვე ხუმრობაა] ჟენევაში გაეროს შენობასთან თავს დაესხნენ რუსეთის დელეგაციას. სიარული უბრალოდ შეუძლებელი იყო. ყვროდნენ, კინკლაობდნენ, ჯიკაობდნენ და ასე ცდილობდნენ მინისტრთან მიახლოებას. საჭირო გახდა ყველანაირ ღირსებადაკარგული ქალების გვერდით გაჩოჩება, რომ სიარული გაგვეგრძელებინა. და იცით მათ რა აინტერესებდათ ? ამის დაჯერება შეუძლებელია! ერთი კითხვა: ჩავა თუ არა ლავროვი თბილისში? ეს უკვე ერთგვარი გონების დაბნელებაა, რომ ასეთი დამოკიდებული იყო სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ჩასვლაზე ან არჩასვლაზე“, - დაწერა ზახაროვამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე