The Wall Street Journal: "ოქტომბერში, საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებენ"

საქართველო, თბილისი - 13:35 | 21.02.2020
ნანახია: 855

გავლენიანი ამერიკული მედია პლატფორმა The Wall Street Journal, 2019 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში მომხდარ ფართომასშტაბიან კიბერთავდასხმას ეხმაურება და ამ თემაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. 

სტატიის ავტორი წერს, რომ მომხდარში, საქართველოსთან ერთად, რუსეთს, კონკრეტულად კი რუსეთის "გრუ"-ს, აშშ და გაერთიანებული სამეფოც ადანაშაულებს. 

"28 ოქტომბერს განხორციელებული შეტევა მიმართული იყო საქართველოს პრეზიდენტის აპარატსა და ადგილობრივ მუნიციპალურ უწყებებზე. საქართველოს, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობების განცხადებების მიხედვით, მან ათასობით სახელმწიფო, კერძო ვებ-გვერდებისა და მთავარი ტელევიზიების  მუშაობა შეაფერხა," - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ციტირებს და იუწყება იმასაც, რომ საქართველოში მომხდარი კიბერშეტევა ასევე დაგმეს სხვა ქვეყნებმაც, მათ შორის: ნიდერლანდებმა, დანიამ, ჩეხეთის რესპუბლიკამ, ესტონეთმა და ლიეტუვამ
The Wall Street Journal-ის სტატიაში ნათქვამია ისიც, რომ 2015 წელს, უკრაინაში განხორციელებულ ფართომასშტაბიან შეტევასაც, რომელმაც ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, "გრუ"-ს იგივე სადაზვერვო დანაყოფი ახორციელებდა. 

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ რუსეთი ბრალდებას უარყოფს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე