სასამართლომ ნიკა მელია 25000-ლარით დააჯარიმა და 3 წლით და 2 თვით საჯარო სამსახურში დასაქმების უფლება ჩამოართვა

საქართველო, თბილისი - 10:21 | 02.12.2019
ნანახია: 782

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ბრალდებულების, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილებას გამოაცხადა. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ბრალდების ერთ ნაწილში, რაც სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, მელია დამნაშავედ ცნო და 25-000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რაც შეეხება ბრალდების მეორე ნაწილს, რომელიც ქონების დამალვას ითვალისწინებდა, გამართლდა. მოსამართლემ, ასევე, ნიკა მელიას 3 წლით და 2 თვით ჩამოართვა საჯარო სამსახურში დასაქმების უფლება, შესაბამისად, ნიკა მელიას დეპუტატის მანდატს შეუწყვეტენ.

"ქართუს" გაკოტრების საქმეზე მელიას გამოძიება იმ ეპიზოდს ედავოდა, როდესაც ნიკა მელია აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი იყო. მას ბრალი 2 მუხლით ჰქონდა წარდგენილი.

სასამართლომ ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და მას სასჯელის სახით ხუთი წელი და სამი თვე მიუსაჯა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება სხდომა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი ბრალდების გაუქმებასთან დაკავშირებით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე