დღეს სახელმწიფო იმოქმედებს სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში - მარიამ ჯაში

საქართველო, თბილისი - 16:06 | 08.11.2019
ნანახია: 143

დღეს, სახელმწიფო იმოქმედებს სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქართველოს სახელით „ოსკარის“ ხუთეულისთვის ფილმი „შინდისი“ იბრძვის, სადაც მოთხრობილია შინდისის გმირების ისტორია. „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთის სახელით გადის, ამდენად, პრიორიტეტს იმ ფილმს მივანიჭებდი, რომელიც საქართველოს კინოინდუსტრიის მხრიდან არის არჩეული და წარდგენილი. ოკუპაციისა და უდიდესი გმირობის მსოფლიოსთვის გაცნობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია „შინდისის“ პოპულარიზაცია. შესაბამისად, ეროვნული ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს სახელით წარდგენილი ფილმის პოპულარიზაციაზე. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, სახელმწიფო იმოქმედებს სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში, რადგან კულტურა არის ცენზურის გარეშე“, – განაცხადა ჯაშმა.

ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში დღეს უნდა გაიმართოს. ფილმი გარკვეულმა ჯგუფებმა უკვე გააპროტესტეს. ბიზნესმენი ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავს. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". გურამ ფალავანდიშვილის ამბობს, რომ ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლება. მასშტაბური პროტესტისთვის ემზადება "ქართული მარშიც". საპატრიარქო ფილმის საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა ამავდროულად ემიჯნება ძალადობას.

ფილმის პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.

                                                                                        




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე