მონიკა ლევინსკი, სერიალს, ბილ კლინტონის იმპიჩმენტის შესახებ პროდიუსერობას გაუწევს

საქართველო, თბილისი - 17:25 | 07.08.2019
ნანახია: 1745

თეთრი სახლის ყოფილი თანამშრომელი მონიკა ლევინსკი ტელესერიალ „ამერიკული კრიმინალური ისტორიის“ მესამე სეზონის პროდიუსერი იქნება, რომელიც ბილ კლინტონის იმპიჩმენტის მცდელობას მიეძღვნება. წერს Variety.

საუბარია 1990-იანი წლების ბოლო პერიოდის სკანდალზე, რომელიც აშშ-ის 42-ე პრეზიდენტის ბილ კლინტონის გარშემო აგორდა ლევინსკისთან კავშირის გამო. იმ დროს მონიკა თეთრი სახლის სტაჟიორი იყო.  

ტელეარხ FX-ის დირექტორმა ჯონ ლანდგრაფმა, რომლის დაკვეთითაც სერიალის გაგრძელებას იღებენ, ლევინსკის გადაწყვეტილება დაადასტურა.

„ამ ისტორიაში უამრავი ნიუანსია, რომლის შესახებაც საზოგადოებამ არ იცის. ეს მათთვის საინტერესო იქნება, დაგეგმილია გრანდიოზული სანახაობა“, - აღნიშნა ლანდგრაფმა.

ტელეშოუს ახალი სეზონი დაფუძნებული იქნება ჯეფრი ტუბინის წიგნზე „დიდი შეთქმულება: სექსუალური სკანდალის რეალური  ისტორია, რომელმაც თითქმის გაანადგურა პრეზიდენტი“. მონიკა ლევინსკის როლს მსახიობი ბინი ფელდშტეინი შეასრულებს. ბილ კლინტონისა და მისი მეუღლის ჰილარის როლებზე კანდიდატურები ჯერ არ დამტკიცებულა.

ახალი სეზონის პრემიერა 2020 წლის 27 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე