გიგა ბოკერიას რომ გაეღვიძა დღეს და სასამართლო სისტემის დამცავია, ეს არის აბსურდი და ნონსენსი - ანრი ოხანაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:38 | 15.04.2019
ნანახია: 124

გიგა ბოკერიას, რომ გაეღვიძა დღეს და სასამართლო სისტემის დამცავია, ეს არის აბსურდი და ნონსენსი, – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა,  ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა, რომლებმაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ პროტესტი ტაშითა და შეძახილებით გამოხატეს.

„ცოტა თავი გააკონტროლეთ ძალიან გთხოვთ და გააცნობიერეთ, სად იმყოფებით. თუ ვინმეს იმისი უნარი არა გაქვთ, აქ შეძახილებისადა ტაშების გარეშე ისხდეთ, მაშინ გაბრძანდით და იქ დაუკარით, სადაც შეგიძლიათ ტაშიც და შეძახილებიც. არ არის სწორი საქციელი. ბატონი გიგა ბოკერია არასამთავრობოების ინტერესებს რომ იცავს, ეს კიდევ ახალი მოვლენაა. ბატონ გიგას რომ გაეღვიძა დღეს და სასამართლო სისტემის დამცავია, ეს არის აბსურდი და ნონსენსი...

თქვენ შინაარსობრივი საკითხები არ გაქვთ და თუ გაქვთ, დავსხდეთ, გამოვალ აქ ტრიბუნასთან, ვისაუბროთ და გამოჩნდება, რა არგუმენტები გაქვთ და როგორი წონადია თქვენი არგუმენტები. საზოგადოება გადაწყვეტს მერე ამას და მოდით, ნუ გაურბიხართ ამ დებატს“,- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

გიგა ბოკერიამ უმრავლესობის წევრებს მიმართა და ჰკითხა შეიძლება თუ არა ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ მათ პოზიცია შეიცვალონ. „ვენეციის კომისიის დასკვნა, რომ მოვა, შესაძლოა, თქვენი პოზიცია რაიმეზე შეიცვალოთ? მიპასუხეთ, კი თუ არა? ახლა გიჭირთ, თუ თქვენს თავმყოყვარეობაზე ვმოქმედებ? რატომ აღელდით ასე?“,- აღნიშნა ბოკერიამ.ბოკერიას გამოსვლას დავით მათიკაშვილის განცხადება მოყვა. მან გიგა ბოკერიას მიმართა, რომ ოსტაპ ბენდერს ნუ დაემსგავსება, რომელსაც მცდარად ჰგონია, რომ ხალხს ცინიზმი მოსწონს.

„ხალხს ცინიზმი არ მოსწონს, განსაკუთრებით თქვენგან. თქვენ ესპანელი ფაშისტების სიმბოლიკას შეუერთდით. „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ რა სიმბოლიკაც აირჩია, რომ ნახოთ ისტორიულად, ზუსტად ეგ სიმბოლიკაა“,- მიმართა მათიკაშვილმა გიგა ბოკერიას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობენ. საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ორი კვირით გადადოს.

"ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა, ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე