"დაიცავი საქართველო" 3%- იან ბარიერს ვერ გადალახავს - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 12:21 | 15.04.2019
ნანახია: 702

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "დაიცავი საქართველო" 3%- იან ბარიერს ვერ გადალახავს. ირაკლი კობახიძემ „დაიცავი საქართველოს“ შეკრება და მისი პოლიტიკური შანსები შეაფასა.

 “3 %-იანი ბარიერის პირობებში არის მაღალი ცდუნება, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ჩამოაყალიბონ პარტიები, უფრო მარტივია 3%-იანი ბარიერის გადალახვა, ვიდრე 5%-იანის, აქედან გამომდინარე არის ეს ინტერესი. თუ გაჯანსაღდება ოპოზიციური სპექტრი, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქართული დემოკრატიის განვითარებას. თუმცა ასეთი სახეებით ბუნებრივია ვერც ერთი პარტია ვერ შეიტანს წვლილს დემოკრატიული სისტემის განვითარებაში.

ზოგადად საერთო სურათს თუ ვნახავდით, ლიდერებს, რომლებიც იყვნენ დარბაზში წარმოდგენილი, ცალსახაა, რომ ამ გაერთიანებას ძალიან გაუჭირდება 3%-იანი ბარიერის გადალახვაც კი. როდესაც მინუსით იწყებ, ამ სახეებით, ბუნებრივია 3%-მდე ასვლა არის ძალიან რთული,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, თითოეული მოქალაქის ინტერესშია, რომ ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები ჩამოყალიბდნენ, გაჩნდეს ახალი პარტიები.

„დღეს ოპოზიციაში არაჯანსაღი ვითარებაა, თითქმის მონოპოლიზებული აქვს ოპოზიციური ნიშა „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიას, რომელსაც უმძიმესი წარსული აქვს. აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანის ინტერესში უნდა იყოს ჯანსაღი ოპოზიციური პარტიების გაჩენა, რომელიც ამ ნიშას წაართმევს ამ ძალას. აქედან გამომდინარე, მივესალმებით ჯანსაღი ოპოზიციური პარტიის გაჩენას, თუმცა ასეთი სახეებით ძალიან გაუჭირდება ამ პოლიტიკურ პარტიას 3-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე