სამტრედიაში ავტოავარიის შედეგად 9 წლის გოგონა დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 15:08 | 25.12.2018
ნანახია: 703

სამტრედიის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას ქვეითად მოსიარულე 9 წლის გოგონა ემსხვერპლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავტომანქანას, რომელიც გოგონას დაეჯახა, VI საარტილერიო ბრიგადის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელი ატარებდა. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"სამტრედიის მუნიციპალიტეტში, VI საარტილერიო ბრიგადის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელი ა. ჩ. სამტრედიიდან ხონის მიმართულებით სამსახურეობრივი ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული გოგონა სამტრედიის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - უკვე გამოკითხულია მძღოლი და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიებას იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველო აწარმოებს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და უსამძიმრებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე