საქართველოში ფარული პატრულირების შემოღება იგეგმება

საქართველო, თბილისი - 16:10 | 03.12.2015
ნანახია: 1831

საქართველოში ფარული პატრულირების შემოღება იგეგმება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა შსს-ში განაცხადა, რომელზეც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. 
"მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ასევე საქართველოსთვის პოლიციის შესაძლებლობის გაძლიერება და ფარული პატრულირების შემოღება, რაც გულისხმობს, რომ პოლიციის მანქანები ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, მაგალითად, მიკროავტობუსის ფორმით, წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით იმოძრავებენ, ავტომატურად რეალურ დროში დააფიქსირებენ დარღვევებს და მძღოლთან კონტაქტის გარეშე მოხდება დამრღვევი პირების გამოვლენა და დაჯარიმება ვიდრეოჯარიმების რეჟიმში", - განაცხადა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, ასევე იგეგმება გადასატანი რადარების შემოღება. 
"დღეს წინასწარ ცნობილია, თუ სად დგას რადარი და მძღოლი ცდილობს ფრთხილად იყოს. სხვადასხვა დროს ეს რადარები სხვადასხვა ადგილას იქნება განთავსებული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორივე მექანიზმი, რომელიც სიახლეა, გააძლიერებს, ერთი მხრივ, პოლიციის შესაძლებლობებს, რომ გზა გააკონტროლონ და მეორე მხრივ, მძღოლებს გაუჩენს განცდას, რომ რეალურად კონტროლი ხორციელდება იქ, სადაც საპატრულო პოლიციის ციმციმები არ ჩანს", - განაცხადა ხუციშვილმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე