საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში სამთავრობო მოლაპარაკებები გაიმართა

საქართველო, თბილისი - 12:27 | 24.09.2015
ნანახია: 2077

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას. თბილისში გაიმართა სამთავრობო მოლაპარაკებები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში. მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, გერმანიის სამთავრობო დელეგაციას და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბეტინა კადენბახს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა.

ოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ფინანსთა სამინისტროში შედგა ხელმოწერის ცერემონია. შეთანხმების ოქმს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ლეჟავამ და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსმა დირკ შათშნაიდერმა.  

მოლაპარაკებების დროს განიხილეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტების მიმდინარე სტატუსი და ასევე, სამომავლო გეგმები.

 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა კვლავ განაგრძობს საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერას ენერგეტიკის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ასევე დაფიქსირდა მხარდაჭერა ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა პროფესიული განათლება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, მეტროლოგია, გარემოს დაცვა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება.

 საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების განხორციელებაში ჩართულმა უწყებებმა და ორგანიზაციებმა, ხოლო გერმანიის მხრიდან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე