Editorial: საქართველოს ფედერაციული ილუზია

საქართველო, თბილისი - 10:28 | 09.11.2015
ნანახია: 20619

ექს-რეინტერგარციის სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის ყველაზე ექსტრავაგანტული წევრია, აფხაზ სეპარატისტებს, დიდი ხანია უფრო «ექსცენტრიულად» ეჩვენებათ და მის წინადადებაზე, - ფედერალიზაციის შესახებ, - ალბათ ძალიან ბევრს იცინებდნენ. ისევე, როგორც ბევრი იხარხარეს თავის დროზე მიშას (პირდაპირ თუ ვიტყვით) სულელურ ინიციატივაზე აფხაზეთის გაყოფის შესახებ, როდესაც აღამოსავლეთ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი უნდა ყოფილიყო, ხოლო დასავლეთი - თავისუფალი ეკონომიკური ზონა. ამგვარი წინადადებით სააკაშვილმა არა თვით აფხაზებს, არამედ პრეზიდენტ პუტინს მიმართა და ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელიც, რასაკვირველია, მაშინვე გამოუქვეყნეს მოსკოვურ პრესაში და საცინად აიგდეს.

კი ბატონო, დასავლელ მეგობრებს, შესაძლოა, სწორ ჟესტად მოეჩვენათ, ისევე როგორც ზაქარეიშვილსაც შეაქებენ „სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯისთვის, მაგრამ ნებისმიერი გონიერი დამკვირვებელი, ვინც რეალობას არ ცდება და პრობლემას იცნობს, აუცილებლად იტყოდა (ორივე შემთხვევაში), რომ „მატარებელმა უკვე ჩაიარა და დეპოში ვართ“.

თანაც, ვითარება,ზოგადად, ბევრად უარესია ვიდრე ზოგიერთს ჰგონია: საქმე ისაა, რომ ეს „მატარებელი“ უკვე მაშინ იყო უიმედოდ «ჩავლილი», როცა გვეჩვენებოდა, თითქოს ჯერ კიდევ შეიძლებოდა ამაზე ლაპარაკი აფახზებთან და ოსებთან. ვგულისხმობ 1992 წელს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუმცა, სანამ სახელმწიფო მინისტრის მორიგ „სენსაციურ“ წინადადებას განვიხილავთ (სინამდვილეში, არავითარი სენსაცია ეს არ არის), ალბათ უპრიანია რამდენიმე სიტყვა თვით ფედერაციის რაობაზეც ითქვას:

ფედერაციას ქმნის ორი ან მეტი სუბიექტი, რომლებიც მოილაპარაკებენ, შექმნან ერთიანი სახელმწიფო გარკვეულ უფლებამოსილებათა დელეგირებით ცენტრალური სახელისუფლებო ორგანოებისათვის: თავდაცვა, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მოქალაქეობა, საზღრები და ა.შ. ოღონდ, იმ აბსოლუტურად აუცილებელი დათქმით, რომ ეს ცენტრალური (ფედერაციული) ორგანოები არ ფორმირდება და არ მოქმედებენ კონსენსუსის პრინციპით.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ფედერაციას მაინც აქვს ერთიანი და განუყოფელი სუვერენიტეტი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. თუმცა, ფედერაციული ხელშეკრულება შეიძლება გულისხმობდეს საერთო გამგებლობას მიკუთნებულ საკითხებსაც. არსებობს მრავალსუბიექტიანი ფედერაციები (მაგალითად აშშ, გფრ), იყო ორსუბიექტური ფედერაციაც (ჩეხეთ-სლოვაკეთი);

რუსეთიც ფედერაციაა, მაგრამ წარმოიშვა უნიტარული იმპერიის ტერიტორიაზე და აქვს ერთი კარდინალური, ფენომენოლოგიური სხვაობა უკვე ტრადიციულად ქცეულ ფედერაციებთან: ამერიკის შეერთებული შტატები ფედერაციაა, მაგრამ მისი მთავარი ნიშან-თვისება კულტურული ერთგვაროვნებაა. ანუ, ამერიკელები, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა შტატში ცხოვრობენ, ერთიან საზოგადოებას შეადგენენ - ერთიანი ღირებულებებითა და ცივილიზაციური იდენტობით: ამერიკელი, ტეხასში ცხოვრობს იგი, ნიუ იორკში თუ კალიფორნიაში, მთლიანობაში იდენტური კულტურული კოდის მატარებელია - რასობრივი სხვაობების მიუხედავადაც კი, რადან ეს სხვაობები დისპერსულია, ანუ კალიფორნიაში მცხოვრები აფროამერიკელი ისევე ჰგავს ნიუ იორკში მცხოვრებს, როგორც იმავე რეგიონების ანგლოსაქსური წარმომავლობის მოქალაქეები სცნობენ და «უთავსდებიან» ერთმანეთს.

ასევე გერმანელები (შვაბებსა და ბავარიელებს შორის მცირე მენტალურ-კულტურული სხვაობის მიუხედავად) ერთიან საზოგადოებებს წარმოადგენენ მიუხედავად ენობრივი დიფერენცირებისა.

ამას ვერ ვიტყვით რუსეთზე, სადაც კულტურული საზღვრები სახელმწიფოებრივ საზღვრებს არ ემთხვევა. ამიტომ რუსეთი, ერთგვარად, არატრადიციული ფედერაციაა და თვისებრივად განსხვავდება სხვებისაგან ისევე, როგორც სხვა მრავალეროვანი, მულტიკულტურული ფედერაციები, რომლებიც ერთიან საზოგადოებას არ შეადგენენ.

აქვე დავსვათ პირველი კითხვა ქართულ-აფხაზურ დისკურსში: ვართ ქართველები და აფხაზები ერთიანი ღირებულებების, ერთიანი იდენტობის, ერთვაროვანი მენტალობისა და კულტურული კოდის მატარებელნი, ანუ წარმოვადგენთ ერთიან საზოგადოებას რათა შევქმნათ კლასიკური ფედერაცია, რომელშიც კულტურული საზღვრები ემთხვევა გარე-სახელმწიფო საზღრებს? რა თქმა უნდა, არა.

მით უმეტეს, თანამედროვე ეპოქაში არა ვართ - ოდესმე თუ ვიყავით საერთოდ.

მაშასადამე, „საქართველოს ფედერაციული რესპუბლიკა“, შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმავე ინტენციით და იმავე ფაქტორების ამოქმედებით, რომლებმაც მრავალეროვანი რუსეთის იმპერიის დაპყრობილი ხალხები აიძულა (!) დათანხმებოდნენ რუსეთის ფედერაციის სუბიექტობას.

1992 წელს, თათრებსა და ბაშკირებს სულაც არ ეპიტნავებოდათ ფედერაციული ხელშეკრულების გაფორმება მოსკოვთან, მაგრამ ელცინი ჯერ ბლოკადით, შემდეგ კი ჯარის შეყვანით დაემუქრა. არადა, ეს რესპუბლიკები ყოველი მხრიდან საკუთრივ რუსეთის ტერიტორიით არიან გარშემორტყმულნი და გასასვლელი კასპიის ზღვაზეც კი არა აქვთ.

ჩეჩნეთი არ დათანხმდა და მიიღო გამანადგურებელი ომი. ოღონდ, აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ რუსეთს ჰქონდა ამ ომის „თავი“ და ამიტომაც მიაღწია მიზანს, საბოლოოდ, ორი საომარი კამპანიის შედეგად. დღეს ჩეჩნეთი რუსეთის ფედერაციის იმდენად ლოიალური სუბიექტია, რომ კრემლის ყურმოჭრილი მონა კადიროვი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად აგზავნის მეომრებს - როცა მოსკოვს სჭირდება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სანამ იმაზე ვიმსჯელებდეთ, რამდენად შესაძლებელი იყო (თუნდაც წარსულში) მოვლენათა ამგვარი განვითარება ჩვენთან, აუცილებელია ორიოდე სიტყვა კონფედერაციაზეც ვთქვათ.

კონფედერაცია, განსხვავებით ფედერაციისაგან, არის ორი ან მეტი სახელმწიფოს „ჰორიზონტული კავშირი“, როდესაც მათ მიერ კონსენსუსით (!) ჩამოყალიბებული ცენტრალური ორგანოები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მხოლოდ და მხოლოდ ერთხმად, ესე იგი იმავე კონსენსუსის წესით იღებენ. კონფედერაციის სუბიექტებს აქვთ „ჰორიზონტული კავშირები“ და არა „ვერტიკალური“, ანუ ცენტრალურ ორგანოებს პირდაპირ დაქვემდებარებული, როგორც ფედერაციაში.

თანამედროვე მსოფლიო თითქმის არ იცნობს კონფედერაციის მაგალითს: შვეიცარიას მხოლოდ ფორმალურად ეწოდება «კონფედერაცია» ნამდვილად აქვს კონფედერაციულობის ზოგიერთი მცირე ელემენტი, მაგრამ რეალურად მაინც ფედერაციაა.

ერთადერთი გამონაკლისია ევროკავშირი. მაგრამ ეს უნიკალური წარმონაქმნია, რომელსაც ერთდროულად გააჩნია როგორც კონფედერაციის (უფრო) ასევე ფედერაციის თვისებები. მაგალითად, არ ჰყავს ერთიანი არმია (რაც კონფედერაციულობაა) მაგრამ აქვს ერთიანი სახელწიფოს ისეთი მნიშვნელოანი ინსტიტუცია, როგორიცაა ერთიანი ვალუტა (ევრო ზონა) და ერთიანი სასაზღვრო რეჟიმი (შენგენის ზონა). თუმცა, რეალურად, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ კონსენსუსი მიიღება, ხოლო ევროპარლამენტს მაინც უფრო დეკორაციის ფუნქცია აქვს და რეკომენდაციით გამოსვლა თუ შეუძლია, მეტი არაფერი: ევროკავშირს რეალურად მართავს ევროპის საბჭო, რომელიც შედგება წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტებისგან. ყველა მათგანს იურიდიულად გააჩნია უფლება, ვეტო დაადოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა, დავუბრუნდეთ ამ ჩვენს ბედკრულ ქვეყანას და მის პრობლემებს: 1992 წლის მარტში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ვლადისლავ არძინბამ თბილისში გამოაგზავნა შიკრიკი და გამოატანა წერილი ედუარდ შევარდნაძის სახელზე - წინადადებით ფედერაციული სახელმწიფოს შექმნის თაობაზე.

ეს უნდა ყოფილიყო (არძინბას ინიციატივით) ორსუბიექტური, საქართველო-აფხაზეთის ფედერაცია. ანუ ჩეხეთ - სლოვაკეთის მსგავსი. აფხაზები არ მოითხოვდნენ (იმ დროს ჯერ კიდევ) კონსენსუსს. ნამდვილად იყო კონფედერაციულობის გარკვეული ელემენტები მათ პროექტში, მაგრამ ეს მაინც უფრო ფედერაცია იქნებოდა. ოღონდ, მხოლოდ და მხოლოდ ორსუბიექტური!

ესე იგი, აფხაზური მხარე, უკვე მაშინ, არაფრის დიდებით არ ეთანხმებოდა იმას, რაზეც ელცინმა დაითანხმა თათრები, ბაშკირები თუ ყაბარდოელები: რომ ფედერაციის სუბიექტები ყოფილიყვნენ საქართველოს მხარეები ხოლო გურიას, სამეგრელოს, კახეთს და ა.შ შეექმნათ ფედერაცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად, როგორც კრასნოდარის მხარე და «ჩრდილო ოსეთი» იქცნენ რუსეთის ფედერაციის თანასწორუფლებიან სუბიექტებად და უფლებამოსილების თვალსაზრისით მათ შორის არანაირი სხვაობა არ არის. აფხაზები (ისევე, როგორც ოსები, სხვათა შორის) ამ მოდელს თავიდანვე არ დათანხმდებოდნენ.

თუმცა, აქ ბევრად არსებითი სხვა მომენტია: როდესაც არძინბა ასეთი ინიციატივით გამოვიდა, მისი მიზანი უეჭველად ის იყო, რომ აფხაზეთი, პირველ ეტაპზე, დაფიქსირებულიყო (მსოფლიო თანამეგობრობის თვალში), არა როგორც უბრალოდ საბჭოთა ავტონომია არამედ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი (Entity) - თუნდაც ფედერაციის სუბიექტის რანგში. და როგორც კი ეს იურიდიული რეალობა დაფიქსირდებოდა, ხოლო საქართველო იქცეოდა ორსუბიექტურ საქართველო-აფხაზეთის ფედერაციად, წარმოიქმნებოდა იურიდიული წინამძღვრები შემდგომ ამ ორსუბიექტური ფედერაციის ისევე დაშლისა, როგორც დაიშალა ჩეხეთ-სლოვაკეთი!

რაც შეეხება პოლიტიკურ წინამძღვრებს, ანუ იმის უზრუნველყოფას, რომ აფხაზეთში მცხოვრებ ქართულ უმცირესობას ხელი ვერ შეეშალა აფხაზეთის რეცესიისათვის, ამაზე აფხაზი სეპარატისტები სხვა ტექნოლოგიით იმუშავებდნენ და იზრუნებდნენ.

მკითხველს ალბათ თვალში მოხვდებოდა, რომ 1992 წლის აფხაზეთის ქართველობას „უმცირესობა“ ვუწოდეთ; დიახ, ქართველები მაშინ უმრავლესობა იყვნენ აფხაზებთან შედარებით (სულ 18%), მაგრამ უმცირესობას წარმოადგენდნენ მთელს ე.წ „რუსულენოვან მოსახლეობასთან“ მიმართებაში, რომელიც აფხაზეთის მოსახლეობის 56% შეადგენდა აფხაზებთან ერთად. ანუ, თუ საქართველო მაშინ ორსუბიქტურ ფედერაციას დათანხმდებოდა, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ სეპარატისტები ჩაატარებდნენ რეფერენდუმს საქართველოდან გამოყოფის შესახებ, ეს 56% მათ გარანტირებული ექნებოდათ. მით უმეტს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა კონფრონტაციული შინაარსის გათვალისწინებით. სხვაგვარი ურთიერთობა კი, დამოუკიდებელ საქართველოსა და პოსტიმპერიულ რუსეთს შორის უბრალოდ ვერ იარსებებდა იმ ტრავმის გათვალისწინებით, რაც რუსულმა საზოგადოებამ მიიღო ერთიანი მოსკოური „დერჟავის“ დანგრევით. მით უმეტეს ცნობილი ლოზუნგის გათვალისიწინებით, რომლითაც მიმდინარეობა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში: „ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!“

ბუნებრივია, შევარდნაძემ და მისმა იმდროინდელმა კოლეგებმა (კიტოვანი, იოსელიანი, სიგუა) არძინბას ამ წინადადებაზე უარი განაცხადეს. მაშინ არძინბამ შემოთვალა, რომ რაკი ასეა, აფხაზეთი აღადგენს 1924 წლის კონტიტუციას, რომლითაც აფხაზეთი, მართალია „საბჭოთა სოციალისტური“, მაგრამ მაინც მოკავშირე რესპუბლიკა იყო (ხელშეკრულებითი ურთიერთობებით საქართველოსთან, სანამ 1931 წელს ავტონომიად არ აქციეს სტალინმა და ბერიამ), ანუ სოხუმი დაიწყებდა ცალმხრივ იურიდიულ პროცედურებს იმის მიუხედავად, მოეწონებოდათ ეს თბილისში თუ არა.

აფხაზურმა პარლამენტმა, სადაც უმავლესობას აფხაზები წარმოადგენდნენ ზემოთხსენებულ რუსულენოვან დეპუტატებთან ერთად, დაიწყო დამოუკიდებელი რესპუბლიკის იურიდიული წინამძღვრების შექმნა, - აღადგინა 1925 წლის კონსტიტუცია, ხოლო თბილისის ხელისუფლებას, რომელიც სამხედრო გადატრიალებით მოვიდა ქვეყნის სათავეში, სხვა არაფერი დარჩენოდა, ომის დაწყების გარდა.

იმ ომის თავიდან აცილება საქართველოს შეეძლო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დათანხმდებოდა არძინბას წინადადებას ორსუბიექტური ფედერაციის შექმნის შესახებ, რაც ქვეყნის იურიდიულად დაშლის რამდენიმე წლით გადადებას ნიშნავდა და მეტს არაფერს.

ახლა იმაზე მსჯელობა, მიზანშეწონილი იქნებოდა თუ არა ეს თუნდაც დროის მოგების თვალსაზრისით - სულ სხვა საუბრის თემაა.

მთავარია, რომ საქართველომ ომში გამანადგურებელი მარცხი იწვნია. ამის შემდეგ დაიწყო ჟენევის მოლაპარაკებები, რომელზეც შევარდნაძემ გააგზავნა კანონიერი ქურდი ჯაბა ისოლიანი, ხოლო არძინბამ, მისთვის უდავოდ ჩვეული ბოროტი მახვილგონიერებით - გენერალური პროკურორი ანრი ჯერგენია.

თითქოსდა უცნაურია, მაგრამ მოგებული ომის შემდეგ, აფხაზები ჟენევის მოლაპარაკებებზე, 1994, 1995, 1996, 1997, 1998 წლებში კვლავ სვამდნენ „ორსუბიექტური ქართულ-ფხაზური ფედერაციის“ საკითხს (ძლიერი კონფედერაციული ელემენტებით) და არ ჩქარობდნენ დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ოღონდ, ამ შემთხვევაში, სულ სხვა მოტივაცია ჰქონდათ: საქმე ისაა, რომ ელცინმა, იმ დროს, შევარდნაძესთან დაიწყო ეშმაკური თამაში - საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში დატოვების მიზნით: საქართველო შევიდა დსთ-ში, ხელი მოაწერა რუსეთთან სამხედრო ბაზების 25 წლით (!) განლაგების ხელშეკრულებას, გაწევრიანდა „კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში“ (რუსეთის „ანტინატო“), შევარდნაძემ დანიშნა თავდაცვის მინისტრად ამიერკავკასიაში რუსეთის ჯართა შტაბის სამნეო განყოფილეის გამგე (ე.წ. „ზავხოზი“ ანუ მეკუჭნავე) ვარდიკო (ჰმ) ნადიბაიძე, შინაგან საქმეთა მინისტრად ყოფილი სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელი შოთა ქვირაია, ხოლო КГБ-ს საშუალო რანგის ოფიცერი, იგორ გიორგაძე - სპეციალურად მისთვის შექმნილ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელად.

მეტი რა ექნა შევარდნაძეს?

საპასუხოდ, ელცინმა დააწესა ნაწილობრივი ბლოკადა აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე, ანუ მხოლოდ სრულწლოვან აფხაზებს არ უშვებდნენ რუსეთში. დიდი არაფერი ბლოკადა იყო, მაგრამ მოსკოვი ინარჩუნებდა სტატუს-ქვოს და ცდილობდა მიეღწია, ისევ და ისევ, „ჩეხეთ-სლოვაკეთის“ ფედერაციის მაგვარი „საქართველო-აფხაზეთის ფედერაციისათვის“. ვლადისლავ არძინბაც, მოსკოვის იმდროინდელი პოზიციის გათვალიწინებით, ომში გამარჯვების მიუხედავად, იძულებული იყო დათანხმებოდა ორსუბიექტური ფედერაციის ვარიანტს.

უამრავი შეხვედრა გაიმართა მოსკოვში, ჟენევაში, თბილისში, სოხუმში.... ქართულ მხარეს ძირითადად ვაჟა ლორთქიფანიძე და ირაკლი მენაღარიშვილი წარმოადგენდნენ, ანუ სახელმწიფო მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. უფრო ნაკლებზე აფხაზები არ მოდიოდნენ.

1997 წელს თბილისელმა ევგენი პრიმაკოვმა, იმ დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არძინბა თბილისში ჩამოიყვანა. კვლავ განიხილეს „საქართველო-აფხაზეთის ორსუბიექტური ფედერაციის“ რამდენიმე ვარიანტი.

აქვე უნდა ითქვას, რომ არძინბა ძალიან გაქნილი და ეშმაკი პოლიტიკოსი იყო. თავის პარტიას ოსტატურად თამაშობდა. მან კარგად იცოდა, რომ „ორსუბიექტური ფედერაცია“ იმ დროსაც დაახლოებით იმავე როლს შეასრულებდა, რასაც 1992 წელს. მაგრამ ამაზე მოდიოდა, გარკვეული უფლებამოსილებების ცენტრისთვის დელეგირებაზეც კი ვითომ თანახმა იყო, ოღონდ იმ პირობით, თუ რუსეთი ბლოკადას გააუქმებდა და ფსოუს საზღვარი გაიხსნებოდა.

................................................................................................

1995 და 1997 წელს, ესე იგი ორჯერ, საბოლოო ოქმი თითქმის შეთანხმებული იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ხელმოწერა ჩაიშალა. ოქმის პირველ ვარიანტში ჩაიწერა, რომ საქართველო და აფხაზეთი ქმნიან „ერთიან ფედერაციულ სახელმწიფოს“, ხოლო 1997 წლის მემორანდუმში, რომ ისინი ქმნიან „საერთო (და არა ერთიან) სახელმწიფოს“. კაცმა რომ თქვას, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი სხვა იყო.

1995 წელს აფხაზურმა მხარემ მოითხოვა დამატებითი დრო და მოლაპარაკებათა გაგრძელება, 1997 წელს - უკვე ქართულმა მხარემ. საბოლოოდ კი, ყველაფერი ჩაიშალა და ამის უმთავრესი, ფუნდამენტური, სისტემური მიზეზი გახდა ის, რომ არც ერთ ვარიანტში, არც პირველში, არც მეორეში, აფხაზები არ თანხმდებოდნენ ჩაეწერათ ქართველი ლტოლვილების სოხუმსა და აფხაზეთის სხვა რაიონებში დაბრუნების ვალდებულება - გარდა გალის რაიონისა. ამაზე არძინბა არ თანხმდებოდა არაფრის ფასად, არაფრის დიდებით, არანაირი დათმობის თუ დაპირების სანაცვლოდ.

პასუხად. მოსკოვმაც ხელები გაშალა: «რა გიყოთ ქართველებო, თქვენი ბუბა კიკაბიძე და ნანი ბრეგვაძე ძალიან მიყვარს, მაგრამ ლტოლვილთა დაბრუნებაზე აფხაზური მხარის იძულება ჩემს ძალებს აემატება და ახლა თქვენი გულისთვის მათთან ომს ნამდვილად ვერ დავიწყებო».

რასაკვირველია ეს მორიგი თვალთმაქცობა იყო, მაგრამ აქ მხარეები მიებჯინენ სტრატეგიული კომპრომისის იმ ზღუდეს, რომლის გადალახვა არც ერთს «არ უღირდა».

შევარდნაძემ იცოდა: «ორსუბიექტური ქართულ-აფხაზური ფედერაცია» რომც შექმნილიყო, ლტოლვილთა დაბრუნების გარეშე, ეს კომპრომისი მის წინააღმდეგ სასტიკად შემოტრიალდებოდა: ასეულობთ ათასი გამძვინვარებული ლტოლვილი და იმდროინდელი ოპოზიცია უეჭველად იტყოდა და მართალიც იქნებოდა: «რა თავში ვიხლით ამ «ფედერაციას», თუკი ლტოლვილები ვერ ბრუნდებიან? გავყიდეთ ლტოლვილები რაღაც ფორმალური ჩანაწერის გამო?»

............................................................................

როგორც კი შევარდნაძე მიხვდა (1998 წელს) რომ ვერანაირი კომპრომისით მოსკოვთან ამაზე მეტს ვერ მიაღწევდა, მაშინვე გაათავისუფლა თანამდებობიდან თავდაცვის და უშიშროების მინისტრები (ნადიბაიძე და ქვირაია - გიორგაძე იმ დროს უკვე გაქცეულია და ტერაქტში ედება ბრალი, თუმცა შოთა ქვირაია მაინც ლოიალობის გამოხატულება იყო- Primenewsgeorgia), მერე გამოვიდა „ანტინატოდან“ და, ბოლოს, განაცხადა, რომ საქართველო აპირებს „ნატო»-ს კარებზე დაკაკუნებას“. თანაც, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს შევარდნაძემ (პირველი ომისგან განსხვავებით) მოსკოვს მხარი აღარ დაუჭირა. უფრო პირიქით. ანუ, მისი ჭკუით, შევარდნაძემ „შური იძია“ მოსკოვზე იმისათვის, რომ არ დაუბრუნეს აფხაზეთი - ყველა უწინდელი დათმობის მიუხედავად.

საპასუხოდ, მოსკოვმა მიიღო ზომები, რათა შევარდნაძისთვის ეჩვენებინა, რომ 1998 წლის სტატუს-ქვო სანატრელი გაუხდებოდა: გახსნა საზღვარი ფსოუზე, დაურიგა აფხაზებს რუსეთის მოქალაქეობა და ნება დართო საკუთარ სუბიექტებს, პირდაპირი ეკონომიკური კავშირები დაემყარებინათ აფხაზეთთან.

„უკეთესი გინდოდათ? მიიღებთ უარესს“ - ასეთი იყო მოსკოვის მესიჯი უკვე პრეზიდენტ პუტინის დროს.

იმ დროიდან მოყოლებული (რაკი საზღვარი გაიხსნა ფსოუზე და ბლოკადაც აღარ იყო) აფხაზურ მხარეს გაუქრა ყოველგვარი მოტივაცია, ელაპარაკა თბილისთან თუნდაც „ორსუბიექტურ ფედერაციაზე“: 1999 წლის 2 ოქტომბერს, არძინბამ ჩაატარა რეფერენდუმი და გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ხოლო რაკი საქართველოს ხელისუფლებამ არ მოიშალა ნატო-სკენ სწრაფვა და ლამის „ხავერდოვან რევოლუციათა“ ფორპოსტად იქცა პოსტსაბჭოურ სივრცზე (რასაც რუსები არა სააკაშვილის პირად ინივიატივად, არამედ ამერიკის პრპოვოკაციად აღიქვავდნენ) მოსკოვმა მოახერხა 2008 წლის ომის პროვოცირება და სცნო აფხაზეთის, ისევე, როგორც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ანუ დაგვსაჯა იმით, რომ კიდევ უფრო გაგვიუარესა სტატუს ქვო, რომელიც ჩამოყალობდა 2003 წლისათვის, როცა პასპორტები უკვე დარიგებული იყო, ხოლო ფანატიკოსი კოკოითი - უკვე განმწესებული ცხინვალის პრეზიდენტად.

დღევანდელ ვითარებაში უკვე, რაიმე «ფედერაციაზე» ლაპარაკი უბრალოდ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. აკი მოგახსენეთ, აფხაზებიც და ოსებიც ამაზე გულიანად ხარხარებენ. პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა. ანუ რეალურ შედეგთა წვდომისა. დღეს რუსეთი უკვე იმ შემთხვევაშიც აღარ დათანხმდება თუნდაც ორსუბიექტურ ფედერაციას, თუ საქართველო უარს იტყვის «ნატო»-ზე და მოსკოვის ისეთივე სატელიტი გახდება, როგორიც სომხეთი ან ტაჯიკეთია. ზელოიალობის გამომჟღავნებისა და (პირობითი იგორ გიორგაძის პრეზიდნეტად თუ პრემიერად არჩევის შემთხევაში), და ევრაზიულ კავშირში შესვლის სანაცლოდ, კიდევ შესაძლებელია იყოს ლაპარაკი რაიმე სახის ძალიან ამორფულ, ფაქტობრივად ფორმალურ სამსუბიექტურ «კავკასიურ კონფედერაციაზე», რომელსაც «საქართველო» აღარ ერქმევა, ოღონდ, ყველა შემთხვევაში ლტოლვილთა დაბრუნების გარეშე.

ამით მოსკოვს მიეცემა შესაძლებლობა, მართოს საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა. გვიღირს ამად?

რასაკვირველია, ქართველ პოლიტიკოსებს არავინ უშლის იდეების ფრქვევას. მით უმეტეს მაშინ, როდესაც არ იციან «ამ იდეებს რა უყონ», მაგრამ მედიცინიდან ცნობილია, რომ ამგვარი სახის ფუჭი ქმედება ხშირად მავნებელია ჯანმრთელობისთვის. დროა გავიგოთ, რომ იმ მატარებელმა, სამწუხაროდ და სავალალოდ, ჩაიარა და მართლა «დეპოში ვართ».

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ერთადერთი გონივრული პოლიტიკაა ამჟამინდელი სტატუს-ქვოს არგაუარესებაზე (!) ზრუნვა (თუ ვინმეს ჰგონია ეს მაინც გარანტირებული გვაქვს, ძალიან ცდება) და იმის მოლოდინი, როდესაც ან რუსეთი დაემხობა როგორც სახელმწიფო და მის ადგილას, კახა ბენდუქიძის გამონათქვამით, ოკეანე გაჩნდება, ან რუსეთ-აფხაზური ურთიერთობები გაფუჭდება იმდენად (ამის წინაპირობები არსებობს), რომ რუსები უკვე აფხაზებს დასჯიან ისე, როგორც ჩვენ დაგვსაჯეს 1989 წელს ლოზუნგისათვის «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია».

ანუ, ერთადერთი გამოსავალია (თუ ამას გამოსავალი ჰქვია) იმ ისტორიული მომენტისთვის მზადება როდესაც (თუკი) ერთდროულად შეიქმნება ორი მოცემულობა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები კარდინალურად გაუმჯობესდება და, იმავდროულად, აფხაზები გადაიმტერებენ რუსებს ისე, როგორც ჩვენ გადავიმტერეთ წინა ისტორიულ პერიოდში.

ყველაზე დიდი სიბრიყვე («დეპოსაც» კი რომ არ ეკადრება) ისაა, დასავლეთის იმედი გქვონდეს აფხაზეთის ძალით (ნებით არ გამოვა) დაბრუნებიის თვალსაზისით. ყირიმი ვერ შეუნარჩუნეს უკრაინას ბუდაპეშტის ისტორიული მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულების მიუხედავად და ჩვენთვის აფხაზეთის დამბრუნებლები არიან?

რაც შეეხება თვით აფხზებს და მათთან შერიგებას, ამაზე ლაპარაკი ან დემაგოგიაა, ან სისულელე. ვისაც არ სჯერა, მოძებნოს ვიდეო, როგორ ტიროდნენ აფხაზი მეომრები როცა კოდორის ხეობის თავზე ჩამოგდებულ, ბავშვებით სავსე ვერტმფრენში დაღუპულ ათეულობით პატარა აფხაზს ასაფლავებდნენ გუდაუთაში და ქართველებისადმი სამუდამო სიძულვილის მძვინვარე ფიცს დებდნენ.

Editorial




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე