Editorial - რა დაგვიბარა პროკურორმა ბენსუდამ?

საქართველო, თბილისი - 10:10 | 19.10.2015
ნანახია: 18673

საერთაშირისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ, როგორც თბილისში ყოფნისას, ასევე საქართველოში გამომგზავრებამდეც, რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი გააჟღერა, რომლითაც უკვე შეიძლება ვიმსჯელოთ, თუ რა მიმართულებით წარიმართება გამოძიება ჰააგაში.

ჯერ კიდევ ვიზიტამდე მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ისე დაალაგა აქცენტები, რომ თუკი ქართული მხარე ჭკვიანურად და პროფესიულად იმოქმედებს, ეს გამოძიება, შესაძლოა, დასავლეთში მოარული იმ აზრის თუნდაც ნაგვიანევი გაბათილება გახდეს, თითქოს სწორედ საქართველომ დაიწყო ხუთდღიანი ომი და ლამის «გენოციდი მოუწყო უმწეო, პატარა ხალხს».

ბენსუდას მიმართვაში საგანგებოდაა აღნიშნული, რომ გამოიძიებს «ასეულობით ქართველის მკვლელობას, ათეულობით ათასი ქართველი მოსახლის გამოძევებას და 5 ათასამდე სახლის გადაწვას» სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. არც ერთი სიტყვა არაა ნათქვამი მშვიდობიანი ოსების მკვლელობაზე ქართველი სამხედროების მიერ. არადა, იმდროინდელი «ადგილმონაცვლე» დიმიტრი მედვედევი, გულამოსკვნილი ანგელა მერკელის თანდასწრებით, ამტკიცებდა: ქართველებმა 2 000 (!) მშვიდობიანი ოსი მოკლესო.

ეს რომ ფეიკი აღმოჩნდა, ცხადია, მაგრამ თუნდაც 100 ყოფილიყო ან 10 – ჰააგის პროკურორს მაინც ხომ უნდა აღენიშნა, თუკი «ასეულობთ ქართველი მშვიდობიანი მოსახლის» მკვლელობა აღნიშნა განცხადებაში? ბუნებრივია, ამით, «არაობიექტურობაში» ბრალდებებისათვის მოსკოვს საბაბი მისცა. მაგრამ, ჰოი საოცრებავ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ბენსუდას ვიდეომიმართვას მოჰყვა, ფაქტიურად არაფერია ნათქვამი «მშვიდობიანი ოსების» დახოცვაზე. ყოველ შემთხვევაში, არც ერთი ციფრი არაა დასახელებეული.

რატომ? იმიტომ, რომ თვით რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ, როდესაც 2009 წელს გამოძიება ჩაატარა, მხოლოდ 162 მოკლული ოსი აღმოაჩინა! ოღონდ, ამ ასსამოცდაორი ოსიდან, ასსამოცი არა «მშვიდობიანი მოსახლე», არამედ ოსური არმიის მებრძოლი იყო! სწორედ ამით აიხსნება ის უცნაურობა, რომ 2008 წლიდან დღემდე ზუსტადაა ცნობილი, რამდენი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა კონფლიქტის დროს, ასევე ზუსტადაა ცნობილი რამდენი ქართველი ჯარისკაცი და (ცალკე) რამდენი მშვიდობიანი ქართველი დაიღუპა, მაგრამ არაფერია ცნობილი იმის შესახებ, რამდენი ოსი მეომარი მოკლეს ბრძოლაში. ნუთუ მათგან არავინ დაღუპულა?

დავაკვირდეთ: რუსული მხარე ასახელებდა მხოლოდ ამ ციფრს: «162 მშვიდობიანი მოსახლე». რეალურად, «მშვიდობიანი» კი არა, მეომარი იყო. თორემ ცალ–ცალკე რატომ არ ჰყოფდნენ, როგორც ქართული მხარე ასახელებდა ცალ–ცალკე «მშვიდობიან მაცხოვრებლებსა» და «მეომრებს?»

უბრალოდ, რაკი «სამხრეთ ოსეთის არმია», საერთაშორისო სამართლის მიხედვით, იურიდიულად არ არსებობდა, ყველა მეომარს, ვინც წინა წლებში ცხინვალის სამხედრო აღლუმებში მონაწილეობდა, «სახალხო მოლაშქრე» დაარქვეს («ოპოლჩენეც») და ამით «მშვიდობიან მოქალაქედ» გამოაცხადეს. ამიტომაც არ დათვალეს ცალ–ცალკე: 162–ი დაღუპული ოსიდან თითქმის ყველა მოკლული ოსი (გარდა ცხინვალის შემოვლითი გზის დაბომბვისას შემთხვევით დაღუპულ ცოლ–ქმარისა) შეიარაღებული მებრძოლი აღმოჩნდა და ამას ხომ არ იტყოდნენ პირდაპირ?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გასაგებია, რომ რუსები და ოსები არ იტყოდნენ, მაგრამ აღმაშფოთებელია, რომ ამ თამაშში მათ აჰყვა ე.წ. «ევროკავშირის ფაქტების დამდგენი კომისიის» ხელმძღვანელი, ქალბატონი ჰაიდე ტალიავინი, რომლის დასკვანში არაფერია ნათქვამი ხსენებული უცნაურობის შესახებ!

თავად განსაჯეთ: როგორ შეიძლება კომისიამ ათასგვერდიანი დასკვნა «დადოს» და ის არ დააზუსტოს, რამდენი მშვიდობიანი ოსი და (ცალკე) რამდენი ოსი მეომარი (თუნდაც «მოლაშქრე» დაერქვათ) დაიღუპა სისხლისმღვრელი საბრძოლო კონფლიქტის დროს?!

ერთი სიტყვით, «ქალბატონი ტალიავინი» მოსკოვისთვის მაშინ ნამდვილი მიგნება აღმოჩნდა, აი ისეთი, ბრიუსელის ან ამსტერდამის «წითელი ფარნების» უბნებში რომ მიაგნებ.

სამაგიეროდ და ჩვენდა საბედნიეროდ, აფრიკელ ქალბატონ ბენსუდას ეს მარტივი ეშმაკობა არ გამოეპარა: მან გაავლო მკაფიო გამყოფი ხაზი «მოლაშქრესა» და «მშვიდობიან ოს მოსახლეს» შორის. ამიტომ, რასაკვირველია, არაფერი უთქვამს საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცების შესახებ, სამაგიეროდ ხაზგასმით აღნიშნა ასეულობით მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვა ქართული მხრიდან: არც ერთი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია არ სვამს ტოლობის ხაზს «მშვიდობიან მოსახლესა» და მეომარს (თუნდაც «მოხალისე–მოლაშქრეს» შორის) შორის და არც ჰააგის პროკურორმა გააიგივა ეს ორი ცნება!

ფაქტია, რომ მშვიდობიანი ოსები (ქალები, ბავშვები, მოხუცები) კოკოითმა ჯერ კიდევ 1 აგვისტოდან გაიყვანა რუსეთში და სწორედ ამით აიხსნება, რომ მათ შორის მსხვერპლი არ ყოფილა. ქართულ მოსახლეობაში კი მსხვერპლი იმიტომ იყო, რომ ქართულ მხარეს ევაკუაცია არ განუხორციელებია. თუ რატომ, – სხვა საკითხია და ალბათ მართლა დანაშაულია, ოღონდ თუ მოსკოვი ამას იტყვის და ასე ახსნის ამ შეუსაბამობას, მაშინ იმის აღიარებაც მოუწევს, რომ ომისთვის სწორედ ის მხარე ემზადებოდა, რომელმაც ევაკუაცია განახორციელა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი დებულება, რამაც პროკურორ ბენსუდას განცხადებებში გაიჟღერა, 2008 წლის 7 აგვისტოს მოხდარ ფაქტს ეხება, რომელიც, აგრეთვე, «რატომღაც» გამორჩა ბრიუსელის «წითელი ფარნების» უბანში ელჩ რიჟოვის აღმოჩენილ ქალბატონ ტალიავინის: 7 აგვისტოს, ქართულ სოფელ ავნევთან მდებარე ქართველი მშვიდობისმყოფელების საგუშაგოს ოსურმა მხარემ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ორი ქართველი ცისფერჩაფხუტიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა.

სწორედ ამის გამო და ამის შედეგად მიიღო სააკაშვილმა, როგორც მუდამ ჩვეოდა, ემოციური, იმპულსური და გაუაზრებელი გადაწყვეტილება ცხინვალზე დარტყმის შესახებ, რასაც უკვე ფართომასშტაბიანი ომი მოჰყვა.

«წითელი ტალიავინის» დასკვნაში ის კია ნათქვამი, რომ ცხინვალზე ქართული არტილერიის დარტყმა «პროვოკაციათა მთელი რიგის კულმინაცია გახდა» (რუსული ინტერპრეტაციით, «მაშასადამე ქართულმა მხარემ დაიწყო ომი») მაგრამ არ არის ნახსენები ორი ქართველი მშვიდობისმყოფელის დაღუპვა. გასაგებია რატომაც: ამას თუ დაწერდნენ, მაშინ უნდა ეღიარებინათ, რომ პირველი მსხვერპლი სწორედ ქართველ მშვიდობისმყოფელებს შორის იყო!

მაგრამ ჰააგის პრკურორ ბენსუდას არც ეს გამოეპარა და ოფიციალურად აღნიშნა კიდეც თავის განცხადებაში. მან ისიც თქვა, რომ იპოვის გზებს, რათა გამოძიება ჩაატაროს უშუალოდ დანაშაულის ადგილას, ესე იგი სამხრეთ ოსეთში, რომელსაც ამჟამად რუსული არმია აკონტროლებს და ხაზგასმით მიანიშნა: გამოიძიებს აგრეთვე, რუსული ქვედანაყოფები ხომ არ ეხმარებდნენ ან ხელს ხომ არ უწყობდნენ ოს სეპარატისტებს ეთნოწმენდის განხორციელებაში. საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ეთნოწმენდის «ხელშეწყობა» იგივე «თანამონაწილეობაა».

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამავდროულად, ქართული მხარის მიმართ შეიძლება არსებობდეს სერიოზული ბრალდება «რუს მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმის» შესახებ. ჰააგის პროკურორმა აღნიშნა, რომ ამ სატანკო შეტევის შედეგად შვიდი (რუსული ვერსიით 10) რუსი ცისფერჩაფხუტიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა.

ქართულ მხარეს, ამ მძიმე ბრალდების თავიდან ასაცილებლად, მოუწევს აქცენტის იმაზე გაკეთება, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები უშუალოდ მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში ოსური ფორმირებების მხარეს. მტკიცებულებად გამოდგება თუნდაც ის ჩანაწერი, თუ როგორ ეუბნება სამშვიდობო ძალების სარდალი კულახმეტოვი ქართველ გენერალ ყურაშვილს, რომ «რა თქმა უნდა ჩვენები აძლევენ ოსებს თქვენს პოზიციათა კოორდინატებს დასაბომბადო»

როგორ განვითარდება მოვლენები, ამის ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომი იქნება, თუ რა განცხადებას გააკეთებს მოსკოვი - სასამართლო პროცესში მონაწილეობა–არმონაწილეობის თაობაზე. იურიდიულად რუსეთი არაა ვალდებული ჰააგას სასამართლოსთან ითანამშრომლოს, რადგან რომის სტატუტს არ შეერთებია. მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექნება გარანტია, რომ ჰააგას სასამართლოშიც «ჩააწყობს» ისე, როგორც ევროკავშირის კომისიასთან «ჩააწყო» 5 წლის წინ.

ნურც იმას დავივიწყებთ, რომ პროკურორ ბენსუდას ჯერ ოფიციალურად გამოძიება არ დაუწყია: მისი დამაიმედებელი განცხადებები შეიძლება ფუჭი სატყუარა აღმოჩნდეს, თუკი ჰააგის სასამართლო კოლეგიამ (სამი მოსამართლისგან შედგება) ან საერთოდ არ დაიწყო პროცესი, ან პროცესი დროში ისე გაიჭიმოს, შესაძლოა სხვა პროკუროს მოუწიოს მისი გაგრძელება... ამგვარი საშიშროებაც არსებობს და ბევრი რამ ქართული დიპლომატიის, აგრეთვე ქართველი იურისტების პროფესიონალიზმზე იქნება დამოკიდებული.

. ამგვარი საშიშროებაც არსებობს და ბევრი რამ ქართული დიპლომატიის, აგრეთვე ქართველი იურისტების პროფესიონალიზმზე იქნება დამოკიდებული.

Editorial




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე