ეროსი კიწმარიშვილის დედა წერილს ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 14:01 | 15.07.2016
ნანახია: 1275

ეროსი კიწმარიშვილის გამზრდელი დედა გულიკო მაჭავარიანი წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ორი წელი გავიდა ეროსის მკვლელობიდან... გაუსაძლისი მოთმინებით ველოდი გამოძიების შედეგს. მინიმუმ ის მაინც მეგონა, რომ კვალიფიკაციას შეცვლიდნენ, მაგრამ...
ალბათ უკვირს ყველას, რომ მე საკმაოდ მებრძოლი სულის ქალი დღემდე არსად გამოვჩენილვარ, იქნებ ამას იმითაც ხსნიდნენ, რომ მე ეროსის ბიოლოგიური დედა არ ვიყავი, თუმცა მთელმა რუსთავმა იცის ჩვენი იდეალური დედა-შვილობის შესახებ.
ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ეროსის სიკვდილმა ფიზიკურად და მორალურად გამანადგურა. სოლიდური ასაკის ქალმა ვერ გამოვნახე ჩემში ძალა, რაიმე მეღონა.
არ მოვაწყეთ აქციები, რათა რომელიმე ძალას ჩვენი უბედურება არ გამოეყენებინა პოლიტიკური სპეკულაციებისათვის.
არ დავიწყე შიმშილობა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცოდი ჩემი მოსწავლეები მარტო არ დამტოვებდნენ და მთელი სკოლა გვერდით დამიდგებოდა, ამას მე ისინი ღიად მეუბნებოდნენ.
თავის მოკვლაც არ მიფიქრია, რადგან სწორედ ეროსისგან ვიცოდი, რომ თვითმკვლელობაზე მძიმე ცოდვა არ არსებობს:

რუსთავში რომ პირველი ეკლესია გაიხსნა, კურთხევაზე თავად უწმინდესი ჩამობრძანდა, ეროსიმ დაუჩოქა და კაბის კალთაზე ემთხვია მას, რაზეც მაშინდელ ქალაქის მესვეურებს სიცილი წასკდათ. ჩვენი მთელი ოჯახი ეროსიმ შეგვიყვანა ღრმა სარწმუნოებაში, თორემ მე, 90-იან წლებში, კლასის ხელმძღვანელს სამუშაო გეგმაში „მოსწავლეთა ათეისტური აღზრდა“ შეგვქონდა ერთ-ერთ საკითხად.
გარდა ამისა ეროსი იყო დიდი ოპტიმისტი, მე ის უიმედო და სასოწარკვეთილი არასდროს მინახავს. დევიზად ჰქონდა „მთავარია არ გეშინოდეს ხვალინდელი დღის“.
ისე რომ ეროსის თვითმკვლელობა გამორიცხულია, თეორიულადაც კი. არასოდეს ეროსის გულმოკლული ცოლ-შვილი მისი თვითმკვლელობის ვერსიას არ შეეგუება.
პირველად მე ეროსის ხუთი წლისას შევხვდი. დედის გარდაცვალების შემდეგ ბებიასთან იზრდებოდა. საღამო ხანს ჩამოიყვანა ბიძამ. ხანგრძლივ ზარზე კარები მე გავაღე. ხელქვეშ გამიძვრა და სახლში შევარდა, სულმოუთქმელად მოირბინა ყველა ოთახი. მჯერა ქვეშეცნეულად ის დედას ეძებდა, ეგონა ისევ ჩაუჩოქებდა და გულში ჩაიკრავდა, გაწბილებული მისაღებ ოთახში შემოვიდა, დედის სურათს ახედა, იქვე სავარძელში ჩაეშვა და ბედს შეეგუა.
„თქვენ მართლა დიდ ბიჭებს ასწავლითო“, მკითხა. კი მე-9, 10, 11 კლასელებს ვასწავლი-მეთქი“ – „რასო?“ -ბიოლოგიას-მეთქი“. ეგ რა არისო?“. „მეცნიერება არის სიცოცხლის შესახებ-მეთქი“. დამაკვირდა, თვალები ჭკვიანურად დააფახურა და 5 წლის ეროსიმ მკითხა „ბიოლოგია შესძლებს მკვდრის გაცოცხლებასო?“ -კი ძალიან მალე ბიოლოგია შეძლებს მიცვალებულის გაცოცხლებას, შენ ვის გააცოცხლებ როცა ეს მოხდება-მეთქი“ - დედიკოს და თამარ მეფესო, გახარებული გაიქცა და მამას მოეხვია.
რუსთავში ყველაზე კარგ სკოლაში შევიყვანეთ, გაკვეთილების შემდეგ მასწავლებელს ვკითხე ნიჭიერი ბავშვია-მეთქი?“ გადასარევი პოემები მოგვიყვა ზეპირადო“ მათემატიკაზე დამრიგებელს დაუსვამს კითხვა, რამხელა არის ერთი მეტრიო? ყველა დაბნეულა, ვერავის მოუფიქრებია პასუხი. გამოსულა ეროსი, დამდგარა მასწავლებლის მაგიდასთან, შუბლზე მიუდვია ხელი და უთქვამს, ამხელა არის ერთი მეტრიო“.
უნიჭიერესი, ძალიან გონებაგახსნილი ბავშვი იყო, სწავლობდა კარგად, საშუალო „5“ ქულაზე დაამთავრა. პირველივე წელს ჩაირიცხა სამედიცინო ინსტიტუტში. მხოლოდ ფიზიკაში მოვამზადეთ რეპეტიტორთან. ქიმიასა და ბიოლოგიაში მე თვითონ ვეხმარებოდი, ქართულში თავისუფალი თემა დაწერა, „5“ მიიღო. წერდა ძალიან ლამაზად, კითხულობდა ძალიან ბევრს, როგორც ქართულ ისე უცხოურ ლიტერატურას. სულ ახალ წიგნებს ეძებდა, თუმცა ჩვენ საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა გვაქვს. ხშირად ღამის 3 საათზე ჩამიქრია შუქი.
ჩვენ ვუწყობდით ხელს, რომ კარგი ზოგადი განათლება მიეღო. მე-5 თუ მე-6 კლასში იყო სამ ღამეში რომ მოვუყევი გამსახურდიას „დავით აღმაშენებელი“. ახლა მიკვირს ან მე რა ჭკუაზე ვიყავი პატარა ბავშვებიანი ქალი ღამეებს რომ ვათენებდი, ან ის როგორ მისმენდა. ხშირად გავჩუმდებოდი იქნებ ჩაეძინა-მეთქი, მაგრამ მაშინვე წამკრავდა ხელს - მერეო?
ძალიან ბედნიერი ვიყავი ეროსი რომ სამედიცინოზე ჩაირიცხა. მიხაროდა, რომ მშვიდი ცხოვრება ექნებოდა და ისიც რომ ობოლს გამოვადექი. ერთადერთი, რაც ეროსიმ მაწყენინა ის იყო, რომ არ გაყვა თავის დიდებულ პროფესიას, თუმცა ამასაც ჰქონდა რეალური მიზეზი.
უმაღლესმა სამუშაოდ რაჭაში გაანაწილა. წავიდა, რამდენიმე თვეში ხალს ისე შეუყვარდა, რომ სამადლობელი წერილებიც დაიბეჭდა ადგილობრივ გაზეთში. ბოლოს, რაჭიდან მაინც მოუწია წამოსვლა, მამა ავად გაუხდა და თანაც დაქორწინება გადაწყვიტა თავის მშვენიერ მეუღლეზე.
დაიწყო ექიმის ადგილის ძებნა რუსთავში. ამ საკითხზე ის შევიდა პრეფექტთან, მან კი ქალაქის ჯანმრთელობის განყოფილების გამგის  ადგილი შესთავაზა. ეროსი დაბნეულა და უთქვამს, ვნახოთ დაველაპარაკები მშობლებს და გეტყვით პასუხსო. ჩვენ ძალიან გაგვიხარდა ეს ამბავი, მაგრამ შეგვეშინდა კიდეც, რადგან პატარა და გამოუცდელი იყო ამხელა თანამდებობისთვის. მხოლოდ მერვე დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება.
ჩვეულებრივი ენთუზიაზმით შეუდგა საქმიანობას, მაგრამ მალე ზვიადის ხელისუფლება დაამხეს და ეროსისაც მოუწია თანამდებობის დატოვება.
ამის მერე დაიწყო ტელევიზიაზე ფიქრი. დაუკავშირდა უპატიოსნეს ახალგაზრდებს: დათო დვალს და ჯარჯი აქიმიძეს. დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად მათ დააარსეს და აამუშავეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“, არცერთი დღე მათ მშვიდი არ ჰქონებიათ. ვერაფერი ვერ დამავიწყებს იმ ღამის სიმწარეს რუსთავი 2-ში რომ შევიდნენ. მაშინ ვიღაც მადლიანმა კაცმა დაურეკა ეროსის _ სიმაღლიდან გიპირებენ გადაგდებას და დატოვე ტელევიზიაო. ეროსის ტელევიზია რა დაუტოვებია. მაშინ ჟურნალისტებმა და ხალხმა იყოჩაღეს და მაუწყებლობა არ შეწყვეტილა. მადლობას ვუხდი დღეს იმ პიროვნებას, რომელმაც გააფრთხილა ეროსი და დღემდე ანონიმად დარჩა. მადლობა, მადლობა დიდი კეთილო ადამიანო.
მერე რევოლუცია, მისი შიში და კანკალი. ყველაფერი რომ დამთავრდა, მეგონა, მორჩა, აწი აღარავინ შეეხება ტელევიზიას -მეთქი, მაგრამ თურმე მერე ყოფილა რაც ყოფილა გადასატანი.
ბოლოს ეროსი საქართველოდან წავიდა ამერიკაში. იქ ცუდად არ იყო და არც ფეხის მოკიდება გაუჭირდებოდა, მაგრამ ის არ იყო ადამიანი, რომელიც თავის ქვეყნის გარეთ, სადმე ბედნიერი იქნებოდა. მანჰეტენზე ცხოვრობდა და სულ თბილისსა და რუსთავზე ფიქრობდა. სახლის გვერდზე, რომელშიაც ეროსი ცხოვრობდა, იყო დიდი, ლამაზი სკვერი. ერთხელ მითხრა: ეს ადგილი ჩვენს „ალეას“ არ გავსო? -კი სიდიდით და დახრილობით-მეთქი. -ჰო და იქ ამაზე კარგი სკვერი უნდა გავაკეთოო, საწყალი შეყვარებულები ქვებზე და საბურავებზე სხედან, მაგენმა რა შვილები უნდა გააჩინონო.
ერთხელ დილით შაშვის გალობა გავიგონეთ, წამოხტა, აწრიალდა, უსმინეთ ქართულად არ მღერისო?
ოცლარიანი ჩამრჩენოდა პალტოს ჯიბეში, ამოვიღე, დამინახა, გამომართვა, ეჰ, ილია, ილიაო და დამიბრუნა რა იცოდა მაშინ, რომ ილიას ბედს გაიზიარებდა მალე.
შეყვარებული იყო მთაზე. მოვლილი ჰქონდა მსოფლიოს ბევრი მთაგრეხილი, მაგრამ კავკასიონის ფანი იყო ბოლომდე. ძალიან გვძაბავდა მისი მთამსვლელობა, მაშინ მობილურებიც არ იყო და დღე და ღამ გადასული ვიყავი უწყვეტ ლოცვებზე. ერთხელ ვუსაყვედურე: რას დაბობღავ შვილო იმ კლდეებზე, რა დაგრჩენია იქ, დაწყნარდი და ჩვენც დაგვაწყნარე-მეთქი, რას დაბობღავო. - წარმოიდგინე, რომ დგახარ მყინვარწვერზე, მარტო შენ და ეს ცივი სილამაზე, სადღაც შორს ჩადის მზე, არ ისმის უმცირესი ჩქამიც, შენ იცი, რომ ფანტელებს ხმა აქვთ, ისინი ბრიალით მოდიან მაღლიდან, ეჰ მთა ცივია და მკაცრი, მაგრამ იქ ახლო სინაზე და სილამაზეც არის, სხვანაირად იქ „ედელვაისები“ როგორ გაიხარებდნენო.  _დაწერე ეროს ეგ ყველაფერი როგორც მე მიყვები ახლა-მეთქი.  _ კი დავწერ, როდესმე, წიგნს მთებზე. და ყდაზე  მყინვარწვერს დავასურათებინებო. არ დასცალდა...
ძალიან რომანტიკულად აღიქვამდა ყველაფერს. გურიიდან მოვდიოდით ერთხელ, ღამდებოდა, უეცრად დაამუხრუჭა მანქანა და _გადმოდითო . _რა იყო ეროს, ბენზინი გაგითავდა_მეთქი, ვკითხე? _ არა, რა ბენზინი, შეხედე რა ლამაზად ღამდება. არ არის მართლა ქლიავისფერი გალაქტიონის მთებიო? რა ქვეყანა გვაქვს კავკასიონს შორის განფენილიო. ქვეყანა მოვიარე მაგრამ საქართველოსთანა მართლა არ მოიძებნება მხარე ცის ქვეშეთშიო.
დამიძახა ერთხელ და მიჩვენა მთვარე _ ნახე სად მობობღავს ეს საცოდავიო. მართლაც ორ ცათამბჯენს შორის ამოდიოდა, ვერც კი დავიჯერე თითქოს რომ მთვარე იყო. _გიკვირს არა? წარმოიდგინე ახლა ეგ ჯვრის მონასტრის ან ჩვენი იალღუჯის თავზეო.
ამერიკიდან წამოსვლის დრო რომ მოახლოვდა, ადგილს ვეღარ პოულობდა სიხარულით. _მალე ჩემს ვერანდაზე დავიძინებ მშვიდადო.
მოგვიანებით ელჩად მიავლინეს რუსეთში, ის მაშინვე ჟურნალისტებს დაუკავშირდა, უნდოდა, დაძაბულობა განემუხტა, მაგრამ უკან გამოიწვიეს.
ძალიან უნდოდა ნაციონალებს კარგად აეწყოთ ქვეყანა. _ თუ ისინი საქმეს ცუდად წაიყვანენ, ამაში მეც მექნება ბრალიო, რადგან მათ მოსვლაში მეც მიმიძღვის ღვაწლიო. შემთხვევით პრეზიდენტთან ერთად იმგზავრა. აღფრთოვანებით ყვებოდა: _არა პრეზიდენტი ისევ ცხელია. აფხაზეთს რომ გადავუფრინეთ მივარდა ფანჯარას და იძახდა, აუცილებლად დავიბრუნებ აქაურობასო.
შემდეგ მაესტრო, მისი გულისხეთქვა. რა ნერვები უძლებდა ყველა რომ ტალახს ესროდა, ბავშვობიდან ქება-დიდებას მიჩვეულ კაცს.
ეროსი აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში. 9 აპრილის დღეებში ისიც მთავრობის სახლის წინ იჯდა, ყოველდღე დავდიოდი და ვნახულობდი მას. ძალიან მეშინოდა, მაგრამ ვერც ვუშლიდი. მეამაყებოდა კიდეც, რომ მასაც შეჰქონდა წვლილი ამ დიდ ეროვნულ საქმეში. ძნელად გადაიტანა 9 აპრილის ტრაგედია. იმასაც განიცდიდა, რომ არ აშენდა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი რუსთავში. იქ, სადაც მონიშნული იყო. იმ ადგილზე დაიტირა რუსთავმა აპრილის გმირები. უამრავი სანთელი დაიღვენთა, ვარდი დაჭკნა და ცრემლი დაიღვარა. დიდი თანხა შეგროვდა და უკვალოდ გაქრა. პატრონი არ გამოუჩნდა ხალხის მისწრაფებას. იქ დღეს არქივი ააშენეს საკმაოდ საჭირო და გამორჩეული შენობა, მაგრამ ხალხს მაინც დასწყდა გული.
რუსთავში მერობაზე იყარა კენჭი. დამარცხდა, თუმცა შედეგი მას გასაჩივრებული ჰქონდა.
პოლიტიკაზე ეროსის არასოდეს უოცნებია. ტელევიზიაც მაშინ უფრო ხელოვნებასთან ასოცირდებოდა, არადა დაარსა თუ არა ტელევიზია, მაშინვე დიდი პოლიტიკის ეპიცენტრში მოექცა.
პოლიტიკურად ეროსი იყო უქომაგო, მარტოკაცი. _ის სრულიად ღიად ეხეთქებოდა ყველას მკერდით. ერთხელ ვუთხარი: _არ შიძლება ეროს ასე მარტო ყოფნა, დაიყენე ვინმე გვერდით-მეთქი. _ ვინო, მკითხა. _თუნდაც ზურა, შენი ძმა, აზრი ხომ მაინც უნდა შეაჯერო ვინმესთან-მეთქი ._დამშვიდდი, მე მიყენია ზურა გვერდით სადაც საჭიროდ ვთვლი, დღეში 4 საათს ტენისს ვეთამაშები, გასუქების უფლებას არ ვაძლევო. ასე არ რისკავდა თავის ძმას ხიფათიანი გზებისთვის, ამიტომ არის ეროს დღეს შენი ძმა ასე განადგურებული, ათი წლით მაინც დააბერა შენმა ტრაგედიამ.
ეროსის ჰქონდა პოლიტიკოსისათვის ერთი ძალიან დიდი ნაკლი, ის იყო ძალიან მიმნდობი. მისთვის მტერი, როგორც ცნება არ არსებობდა, წყენასაც ადვილად ივიწყებდა.
ერთხელ მოულოდნელად მკითხა, კვირიონი რა ფრინველიაო.  - ჩიტია, ლამაზი ჩიტი, რამ გაგახსენა ახლა კვირიონი-მეთქი. -რეზო ამაშუკელს აქვს თავის ლექსში ძალიან ლამაზად ნახსენებიო. - შენ გიყვარს ამაშუკელის ლექსები-მეთქი? – აბა, რაო.  –ის რომ სულ გიტევს-მეთქი? –გასალანძღი უნდა გაილანძღოს, რეზო ჯიგარი პოეტია, მაგას მიჰყავს ახლა პარადი ქართულ პოეზიაშიო. გამიხარდა, რადგან ბატონი რეზო წარმოშობით ჩემი რაიონიდან არის და მეც გამორჩეულად მიყვარს მისი პოეზია.
ეს საუბრები შორს წამიყვანს ახლა.
მე ვერ ვიტყვი, რომ ეროსი მართალი იქნებოდა ყველაფერში. ახლა თვითონ ცხოვრებაა ისე აწყობილი, რომ სიმართლეს ძნელად გაარჩევს კაცი, მით უმეტეს ეროსი, რომელსაც ყოველი მხრიდან უგებდნენ მახეს. მას ესმოდა თავისი მძიმე მდგომარეობა და მითხრა კიდეც: მე იქნებ დამიჭირონ, იქნებ გამაგორონ კიდეც, შენ ყველაფრისთვის მზად იყავიო. ამიტომ ვათენებდი და ვაღამებდი  მარტო ლოცვით.
მე მინდა, ვთხოვო ყველას, ვისაც რაიმე ურთიერთობა ჰქონდა ეროსისთან და უნდა, ითანამშრომლოს ჩემთან: მომაწოდონ მასალა წიგნში შესატანად. წიგნში, რომელსაც ვწერ მე. წიგნი, რომელიც მოუთხრობს საქართველოს თავისი ღირსეული შვილის შესახებ. თანაც მალე, რადგან მინდა, მოვასწრო ჩემს სიცოცხლეში გამოცემა.
მივმართავ სრულიად საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას 1966 წლიდან 2016 წლამდე ვემსახურე მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეს. თქვენზე კარგად ვინ იცის რა შრომაა ეს. ვარ ბედნიერი მასწავლებელი იმით, რომ ბოლომდე დავიხარჯე ამ დიდებულ საქმეში. ვიყავი საათებით კარგად დატვირთული მასწავლებელი და ასევე ძალიან აქტიურად ვმონაწილეობდი საზოგადოებრივ საქმიანობაში.
ვატარებდი (სხვებთან ერთად) ტურებს, ოლიმპიადებს, საღამოებს. მქონდა კერძო პრაქტიკაც. ვამზადებდი აბიტურიენტებს უმაღლესისათვის. ჩემი მომზადებული ექიმები ამშვენებენ რუსთავის, თბილისისა და საზღვარგარეთის სამედიცინო დაწესებულებებს.
პარალელურად მე ვიყავი ძალიან დიდი ოჯახის დიასახლისი. გავზარდე ოთხი შვილი. დღეს მიკვირს, როგორ შევძელი ეს. შევძელი, რადგან გვერდით მედგა იდეალური მეუღლე: განათლებული, მშრომელი, უპატიოსნესი, გამორჩეული გარეგნობის, პოეტური სულის და საერთოდ მამაკაცის ყველა ღირსებით შემკული ადამიანი. ის წამყვანი ინჟინერ-კონსტრუქტორი იყო აზოტის ქარხანაში. იყო იზოტოპების ლაბორატორიის გამგე. მუშაობდა ქიმიურ-მეტალურგიული ტექნიკუმის საღამოს განყოფილების გამგედ და იქვე აძლევდა ლექციებს ხაზვასა და მასალათმცოდნეობაში.
ჩვენს ოჯახში უსამართლოდ კაპიკი არასოდეს შემოსულა. ასეთ ოჯახში გაიზარდა ეროსი. ჩვენთვის შვილი არ უნდა მოეკლათ. ჩვენს საქმეში ღმერთი არ არის გარეული. ეს სატანის ნამოქმედარია მხოლოდ.
და აი ორი გაუსაძლისი წლის შემდეგ, აკანკალებული ვჯდები ტელევიზორთან, გამოდის ახალგაზრდა ქალი, ერთი ძარღვიც რომ არ გამოხატავს თანაგრძნობას და აცხადებს: „ეროსი თვითმკლელობამდე არავის მიუყვანია, ეროსი არავის მოუკლავს, ეროსიმ თავი მოიკლა.“
არა კრისტალურო იურისტო, ტყუით ეროსი მოკლეს...  ვინ?  ფიზიკურად დამკვეთმა და ქილერმა, მორალურად კი თქვენ!!!
თუ დარწმუნებული ხართ თქვენს სიმართლეში, ცუდი პროფესიონალი ყოფილხართ.
თუ იძულებული გახდით, მეცოდებით და თანაგიგრძნობთ. ყველა ვერ იქნება გმირი.
ოჯახს არ სჯერაო, იმეორებენ ხშირად. ოჯახს კი არა მთელ საქართველოს არ სჯერა.
მე ეროსის სიკვდილით ქვეყანა დამექცა თავზე, მაგრამ უარესიც არსებობს. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, საქართველოს მომავალი არ აქვს. ქვეყანა, სადაც ეროსის ნიჭს და შემართებას ვერ იყენებენ, მით უფრო კლავენ, ქვეყანა არ არის.
ნახევარი საუკუნის ნამუშევარი და ამაგდარი მასწავლებელი  და ოთხი შვილის გამზრდელი დედა, სრულიად დაუცველი აღმოვჩნდი მართლმსაჯულების წინაშე.
ამიტომ მოგმართავთ თქვენ პედაგოგებო, რომ მხარი დამიჭიროთ სიმართლის დადგენაში. გაგრძელდეს გამოძიება, შესწავლილ იქნას ყველა დეტალი ან დამარწმუნონ ეროსის თვითმკვლელობაში ან კვალიფიკაცია შეიცვალოს მაინც. მე მკვლელი დიდად არ მაინტერესებს და არც მისი დასჯა, მეტი სასჯელი რა უნდა იყოს ვიდრე ის, რომ ეროსის მკვლელია. მას ღმერთი გაასამართლებს.
მანამდე კი ჩემო ეროს, ჩემო გულიანო შვილო, სულს ნუ დაიმძიმებ. კაცობრიობამ თვითონ ქრისტე გააკრა ჯვარს. ქრისტეს სისხლი აწვიმს ცოდვიან მიწას. რამდენი სახელოვანი ქართველი გაწირეს შენამდე. ეს ხომ ჩვენი ერის მუდმივი დაშლაა გენების დონეზე.
მშვიდად იყავი, მე ვწერ წიგნს შენზე. მე ვუპატრონებ შენს სახელს აქ, დედამიწაზე. რადგან ღმერთმა მე მარგუნა შენი დედობა, ბოლომდე ვიქნები შენი დედა. შენ ჩემი სიყრმის შვილი იყავი.  ვაგლახ, რომ ვერ გავუფრთხილდი შენს ნიჭიერ და გენიოს შუბლს, ვერ ავეფარე სიკვდილის წინ.
და მაინც... მოხვედი ქვეყნად ჯანმრთელი, ლამაზი, ნიჭითა და გონებით სავსე. შენ სულ სხვანაირად აზროვნებდი, ხედავდი, განიცდიდი. სიყვარულის ღმერთის სახელით დადიოდი, ტკივილამდე გიყვარდა შენი ქვეყანა. იყავი გასაოცარი მამა, რაინდი მეუღლე, საიმედო დედმამიშვილი და განუმეორებელი შვილი, პროფესიით ექიმი და წარმოშობით აფხაზეთის უკანასკნელი სამთავრობო ოჯახის მეხუთე მუხლის შთამომავალი.
დაგრჩა ულამაზესი ცოლ-შვილი და დედმამიშვილები, სანათესაო და სამეგობრო. დაგრჩი მე, შენი ნიჭის მეხოტბე და მემატიანე.
არადა, რა ბედნიერი ვიქნებოდი ეროს, შენ რომ ჩემი კუბო აგეწია. ვაგლახ, მე ვიდექი შენს ცხედართან და ვუყურებდი შენს ნატკენ შუბლს.
ვაი შენს წასვლას და ვაი ჩემს დარჩენას ამ ცოდვიან ქვეყანაზე“, - წერს გულიკო მაჭავარიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე