ტამიშის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

საქართველო, თბილისი - 12:59 | 02.07.2016
ნანახია: 1671

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ებრალიძემ ტამიშის ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლები გმირთა მოედანზე გაიხსენეს. გენერალმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
დაღუპული გმირების პატივსაცემად გმირთა მოედანზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დაღუპულთა თანამებრძოლებიც იმყოფებოდნენ.

1993 წლის 2 ივლისს, 05:00 საათზე დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს.

მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა „დუშეთის“, „შავნაბადასა“ და „ავაზას“ ბატალიონებმა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება შეძლეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე