სერგო რატიანი: სასწავლო წელი კვლავ სახელმძღვანელოების გარეშე დაიწყება

საქართველო, თბილისი - 11:40 | 02.07.2016
ნანახია: 1319

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების სერგო რატიანისა და მარიამ რამინაშვილის განცხადებით, სასწავლო წელი შარშანდელის მსგავსად, კვლავ სახელმძღვანელოების გარეშე ან ნახმარი სახელმძღვანელოებით დაიწყება.

„კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, ასევე, არსებული გამოცდილებით, იმისათვის, რომ სრულფასოვნად განხორციელდეს სკოლებისათვის სახელმძღვანელოებით აღჭურვა, ტენდერი არათუ გამოცხადებული, დასრულებულიც უნდა იყოს. (შედარებისთვის -  შარშან ელექტრონული ტენდერი დასრულდა 30 ივნისს) არსებული მდგომარეობით ჯერ სამინისტროს საჭირო რაოდენობის სტატისტიკაც არ აქვს, რაც ნიშნავს, რომ შარშანდელის მსგავსად, კვლავ სახელმძღვანელოების გარეშე ან ნახმარი სახელმძღვანელოებით დაიწყება სასწავლო წელი და მშობლებისა და მასწავლებლებისათვის, სასწავლო პროცესისათვის გახდება გადაულახავი პრობლემა", აღნიშნა რატიანმა.

მისივე განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ  2016-17 სასწავლო  წლისათვის განათლების სამინისტრომ ვერ უზრუნველყო სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის კვლავ არსებული სასკოლო წიგნებით უნდა განხორციელდეს სწავლება, მოვითხოვთ განათლების მინისტრისაგან, 2016 წლის ბიუჯეტში სასკოლო სახელმძღვანელოებისათვის განკუთვნილი 12 მილიონი ლარით აღარ განხორციელდეს სასკოლო წიგნების სტამბური ბეჭვდა, მოხდეს გამომცემლობებში არსებული ნაშთების შესყიდვა, რაც, ერთი მხრივ, სასიკეთოდ წაადგება თავად გამომცემლობების საქმიანობას და ბიუჯეტიდან  მილიონობით ლარის ხარჯს,  რომელიც სამინისტროს უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო უაზროდ უნდა დაიხარჯოს, ნაწილობრივ მაინც სასარგებლო დანიშნულებას შესძენს. მეორე მხრივ, მოხსნის პრობლემას მოსწავლეებისათვის საჭირო რაოდენობის სახელმძღვანელოების მიწოდებასთან დაკავშირებით და ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გამართულ წარმართვას.

"ოფიციალური მონაცემების მიხედვით უფასო სახელმძღვანელოების პროექტისათვის 33 მილიონი ლარი იქნა გამოყოფილი 2013-1015 წლებში, აქედან, გამარტივებული შესყიდვით, ერთპირთან მოლაპარაკების საფუძველზე, 27 მილიონი გაიცა კონკრეტულ პირებზე, ელექტრონული ტენდერის გარეშე, ამ ფაქტით პირდაპირ დასტურდება, რომ არსებული ინიციატივით განათლების სისტემაში დასაქმებული მაღალჩინოსნების პირადი ინტერესების გამო  დაზარალდნენ გამომცემლობები, რამაც, თავისმხრივ, შეაფერხა ქვეყანაში განვითარების ეტაპზე მყოფი  გამომცემლობების მიერ წამოწყებული სასარგებლო საგანმანათლებლო აქტივობები.

აქვე, ვეხმაურებით დღევანდელ მოთხოვნას და ჩვენი მხრივ, ვპირდებით გამომცემლობებსა და სახელმძღვანელოების ავტორებს, რომ - ჩვენ 2017 წელსვე მოვახდენთ სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზრის დერეგულაციას. შედეგად, გაუმჯობესდება სახელმძღვანელოების ხარისხი და ხელმისაწვდომობა, დაცული იქნება სახელმძღვანელოს ავტორთა საავტორო უფლებები“, - განაცხადა რატიანმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე