მაგდა პაპიძის მიმართ ვერდიქტს ნაფიცი მსაჯულები 4 ივლისს გამოიტანენ

საქართველო, თბილისი - 16:57 | 01.07.2016
ნანახია: 1369

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის მიმართ ვერდიქტს ნაფიცი მსაჯულები ორშაბათს გამოიტანენ. 

ამის შესახებ პროკურორმა დავით ნეფარიძემ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, მანამდე მხარეები დასკვნით სიტყვას და რეპლიკებს იტყვიან.

დღეს დაცვის მხარის მოწმეების და მათი მტკიცებულებების გამოკვლევა ორ საათში დასრულდა. ადვოკატებს სულ ორი მოწმე ჰყავდათ. ბრალდებამ კი 60-მდე მოწმე დაჰკითხა. მათი მტკიცებულებების გამოკვლევა 3 კვირაზე მეტხანს მიმდინარეობდა.

ნაფიცმა მსაჯულებმა ორშაბათს, 4 ივლისს სათათბიროდ გასვლის შემდეგ, ვერდიქტი პირველ 3 საათში ერთხმად უნდა მიიღონ. თუკი 12-დან ერთი მაინც არ დაეთანხმება, ვერდიქტს ვერ მიიღებენ, ვინაიდან ყველა ნაფიცი მსაჯული თანახმა უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში, მოსამართლე მათ 6-საათიან დამატებით დროს მისცემს, რა დროშიც მინიმუმ 8 მსაჯული ერთ აზრზე უნდა იყოს. თუკი 6 საათიან ვადაშიც ვერ მიიღეს ვერდიქტი, მოსამართლე 3 საათს დაუმატებს. დროის ამ მონაკვეთშიც მინიმუმ 8 მსაჯულის ხმაა საჭირო. თუკი ამ დროშიც ვერ მიიღეს ვერდიქტი, მოსამართლე გონივრულ ვადას მისცემს, რომელიც პრაქტიკის მიხედვით 1-საათიანია. თუ  ამის შემდეგ ვერ მოხერხდა ვერდიქტის მიღება, მსაჯულებს მოსამართლე დაითხოვს და ახალი შემადგენლობა შეირჩევა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე