თბილისის სატრანსპორტო კომპანია ენმ-ის ბრალდებებს პასუხობს

საქართველო, თბილისი - 15:24 | 30.06.2016
ნანახია: 1401

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ენმ-ის ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,თბილისის სატრანსპორტო კომპანია ეხმაურება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი აბესაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

მოგახსენებთ, რომ დღეს აბესაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, კერძოდ მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნის პროექტი, არის შუალედური დოკუმენტი და არ წარმოადგენს საბოლოო დასკვნას. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მერიის შიდა აუდიტის საქალაქო სამსახურს საპასუხოდ განმარტებითი დოკუმენტაციით უკვე მიმართა, შესაბამისად კომპანია ელოდება შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის საბოლოო დასკვნას.

რაც შეხეება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორის ირაკლი ღურჭუმელიას თანამდებობის დატოვების ფაქტს. ვაცხადებთ, რომ ირაკლი ღურჭუმელიამ განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე პირადი განხცხადების საფუძველზე დაწერა და მისი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მერიის შიდა აუდიტის შუალედურ დასკვნას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ენმ თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსურ დირექტორს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი აბესაძის ინფორმაციით,ირაკლი ღურჭუმელია თანამდებობიდან გათავისუფლდა. აბესაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ღურჭუმელიას თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დაატოვებინეს, თუმცა, რეალურად, „ის გათავისუფლებულია კორუფციული გარიგებების გამო“, რომელიც აღნიშნულ სამსახურში ხორციელდებოდა და რომელიც შიდა აუდიტის ჩატარების შედეგად გამოვლინდა. 
აბესაძის თქმით, აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2015 წელს 2014 წელთან შედარებით ავტობუსებმა დღის განმავლობაში დაახლოებით 12 000-ზე რეისით ნაკლები შეასრულეს, ვინაიდან 108 ავტობუსი ტექნიკურად გაუმართავია. 
მისივე თქმით, დასკვნაში აღნიშნულია, რომ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და საკითხი უნდა იქნას შესწავლილი პროკურატურის მიერ. საკრებულოს დეპუტატის თქმით, აღნიშნულ დასკვნაზე რეაგირება უნდა მოახდინოს როგორც პროკურატურამ, ასევე თავად თბილისის მერიამ. ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, ღურჭუმელია პარლამენტის დეპუტატ გუგული მაღრაძის სიძეა. 

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე