მთავრობამ „კულტურის სტრატეგია 2025“ დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 13:04 | 30.06.2016
ნანახია: 1837

საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს კულტურის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტი „კულტურის სტრტატეგია 2025“, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ფართო საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის ჩართულობით შეიმუშავა.

პირველად საქართველოს ისტორიაში შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს,რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს კულტურის სხვადასხვა დარგის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ეტაპობრივად გადაჭრას.

კულტურის სტრატეგია 2025 გარდა კულტურის ტრადიციული მიმართულებებისა, ორიენტირებულია შემოქმედებითი ინდუსტრიების, მათ შორის, შემოქმედებითი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობაზე, რაც ქვეყნისათვის ეკონომიკური და სოციალურო სარგებლის მომტანია.

კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესი 2014 წლიდან დაიწყო გზამკვლევის შემუშავებით, რომელმაც განსაზღვრა სტრატეგიის მთავარი პრინციპები: ღიაობა, გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა. აღნიშნულ პროცესში ჩართული იყო ფართო საზოგადოება; საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფთან გაიმართა სულ 53 შეხევდრა (30 თბილისში, 23 რეგიონებში), რომელშიც 3000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩართული იყვნენ მედიის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ეთნიკური უმცირესობების, წარმომადგენლები, ასევე სპეციალურ საჭიროებათა მქონე პირები და სხვა ინტერესთა ჯგუფები. შეხვედრების პარალელურად,  მიმდინარეობდა კონსულტაციები  - შენიშვნებისა და რეკომენდაციების გაზიარება როგორც წერილობით, აგრეთვე სხვადასხვა ელექტრონული რესურსის საშუალებითაც (ვებგვერდი -  www.culturepolicy.gov.ge, ელ.ფოსტა, ცხელი ხაზი, სპეციალური ონლაინ კითხვარი და სხვ.)

სტრატეგიის შემუშავების პროცესი ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა და

ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად იქნა შეფასებული ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის მიერ;

აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის დოკუმენტის გარდა, დამტკიცდება 3 წლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად გაიწერება სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი კონკრეტული აქტივობები.

მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებას მონიტორინგს საზოგადოება გაუწევს.

პროექტის მოსალოდნელი შედეგები:

კულტურის სტრატეგიის განხორციელების შედეგად 2025 წლისთვის საზოგადოებრივი განათლება შემოქმედებითობასა და ინოვაციებზე იქნება დაფუძნებული, კერძოდ მეტი კრეატიული რესურსი იქნება ქვეყანაში, რომელიც ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღებას განაპირობებს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროში;  გაიზრდება საზოგადოების, როგორც ბენეფიციარის და როგორც შემოქმედის ჩართულობა კულტურის სექტორში, რაც განაპირობებს რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურებას, მიგრაციის შეჩერებას, შემოქმედებითი თუ კულტურული პოტენციალის მოტივაციის გაზრდას, გაჯანსაღებას, რეგიონების ეკონომიკურად გაძლიერებას, ეთნიკური თუ სხვა უმცირესობათა ჯგუფების კულტურული იდენტობის შენარჩუნებას და განვითარებას; გაძლიერდება კულტურის სექტორის სხვა სექტორებთან თანამშრომლობა, აღდგება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და გამოყენებული იქნება მისი ეკონომიკური პოტენციალი; გაიზრდება კულტურის პროდუქტისა და მომსახურების ხარისხი, კულტურის ექსპორტი; გაძლიერდება შემოქმედებითი ინდუსტრიები და გაიზრდება მისი წილი ქვეყნის ეკონომიკაში; საქართველოს კულტურა და შემოქმედება მძლავრად წარმოჩნდება საერთაშორისო ასპარეზზე და გაიზრდება ქვეყნის იმიჯი და ცნობადობა;შესაძლებელი გახდება კულტურის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია, კულტურის ინსტიტუტების საკუთარი შემოსავლების ზრდა;გაიზრდება კულტურის სექტორის ეკონომიკური ეფექტი ქვეყნის მდგრად განვითარებაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე