ლევან ალაფიშვილი: ბალკანეთის შემთხვევაში ჰააგის ტრიბუნალის ვერდიქტი აღსრულდა

საქართველო, თბილისი - 11:17 | 12.10.2015
ნანახია: 2606

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი შესაძლოა, ჰააგის  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოიძიოს. როგორც სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში ვითარების წინასწარი შესწავლა 2008 წლის აგვისტოში დაიწყო. შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, პროკურორმა ფატუ ბენსუდამ დაასკვნა , რომ არსებობს "საფუძვლიანი ვარაუდი" იმისა, რომ 2008 წლის ომის დროს საქართველოში სამხედრო დანაშაულია ჩადენილი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესებით, პროკურორმა, სრულფასოვანი გამოძიების დასაწყებად, წინასწარი წარმოების პალატის ნებართვა უნდა მიიღოს.  ფატუ ბენსუდას განაცხადის მიღების შემდეგ, მოსამართლეები, მიღებულ დოკუმენტებსა და სხვა მასალაზე დაყრდნობით გადაწყვეტენ, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება. წინასწარი წარმოების პალატაში, რომელიც აღნიშნულ საკითხს შეისწავლის, ჯოის ალუოჩი (კენია), კუნო ტარფუსერი (იტალია) და პეტერ კოვაჩი (უნგრეთი) შედიან. ამასთან, 6 ოქტომბერს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მასალები რუსეთიდან გამოითხოვა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „პრაიმნიუსჯორჯია“ იურისტ ლევან ალაფიშვილს ესაუბრა:

-რამდენად მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს პროკურორის „საფუძვლიანი ვარაუდი“ და მთლიანობაში, როგორ აფასებთ შესაძლო პერსპექტივას, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი შესაძლოა, ჰააგის  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოიძიოს?

-ამ ეტაპზე პროკურორის ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, იმის მიუხედავად, რომ ეს ტრიბუნალის საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, მაგრამ უკვე მნიშვნელოვანი გარემოებები უკვე აღიარებულია. მხედველობაში მაქვს ის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით უკვე იდენტიფიცირებულია 2008 წლის ომის მოქმედი სუბიექტები, ანუ ორი დაპირისპირებული მხარე: საქართველო და რუსეთი. ამავე დროს, ალბათობის მაღალი ხარისხით იდენტიფიცირებულია და ჩათვლილია, რომ შესაძლოა, ამ საომარი მოქმედებების დროს ადგილი ჰქონდა ე.წ. ომის სამართლის წესების დარღვევას, ანუ დანაშაულს ადამიანისა და კაცობრიობის წინააღმდეგ. რაც მთავარია, აღიარებულია, რომ ეს დანაშაულები, შესაძლოა, ჩადენილი იქნა საქართველოს ტერიტორიაზე, რადგან კარგად ვიცით, რომ საომარი მოქმედებები მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებდა. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის და ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ეს ყველაფერი ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პროკურორმა საფუძვლიანი ვარაუდები გამოთქვა საიმისოდ, რომ ტრიბუნალი უფრო შორს წავიდეს და წარიმართოს არა მხოლოდ გამოძიება, არამედ დადგეს კონკრეტული განაჩენი. უნდა დადგინდეს კონკრეტული ფაქტები და გამოიკვეთოს კონკრეტული პირები, რომლებსაც ეს დანაშაულები ჩადენილი აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე.

-სასამრთლო გადაწყვეტილების მიღებაზე არანაკლებად ურთულეს პროცესს მისი აღსრელება წარმოადგენს აღსრულება. ფიქრობთ, რომ დამნაშვეების დასჯა პოლიტიკური გადაწყვეტილბების გარეშე შესაძლებელი იქნება?

-რაც ეხება აღსრულებას და მის პოლიტიკის მიღმა ყოფნას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰააგის სასამართლომ წლების განმავლობაში პოლიტიკის მიღმა დარჩენა სწორედ იმით შეძლო, რომ წმინდა სამართლებრივ საკითხებზე აკეთებდა აქცენტს, რომელიც სადაო ძნელად შეიძლება გახდეს. თუდაც იგივე ბალკანეთის ცნობილი კონფლიქტი და პროცესები რომ წარმოვიდგინოთ, ჰააგის ტრიბუნალმა მოახერხა მისი გამოძიებაც და კონკრეტული ვერდიქტიც გამოიტანა ძალიან მაღალი თანამდებობისა და სამხედრო პირების მიმართ. ბალკანეთის შემთხვევაში ტრიბუნალის ვერდიქტი აღსრულებული იქნა. საქართველოს შემთხვევაში, როგორ აღსრულდება, ესეც რომ წარმოვიდგინოთ, მას შემდეგ რაც ჰააგის ტრიბუნალი გამოიტანს გამამტყუნებელ ვერდიქტს, აქ უკვე ერთვება საერთაშორისო სამართალი, რომლის სტატუტი, რომლის მონაწილე სახელმწიფოები ვალდებული არიან დააკავონ და მიაღწიონ ექსტრადირებას, ან თვითონვე აღსარულონ მათსავე ტერიტორიაზე კონკრეტული ვერდიქტი იმ პირების მიმართ, რომლებსაც დამნაშავედ მიიჩნევს ტრიბუნალი.

-საერთაშორისო სასამართლომ რუსეთ- საქართველოს ომის შესახებ მასალები რუსეთიდან გამოითხოვა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჰააგაში მხოლოდ სუბიეტური მასალები მოხვდება?

- ტრიბუნალი, როგორც ე.წ. მოკვლევის, ასევე შემდგომ ეტაპებზე მოიპოვებს მტკიცებულებებს და მხოლოდ მტკიცებულებების საფუძველზე მიიღება ყველა გადაწყვეტილება. ამ ეტაპზეც გამოითხოვა, ადრეც გამოითხოვა და სამომავლოდაც გამოითხოვს მტკიცებულებებს, რაც კი თავისი ვერდიქტის გამოსატანად დასჭირდება. იგივეს აკეთებდა და გააკეთებს საქართველოს შემთხვევაშიც.

-შესალებელია თუ არა, რომ განცხადება, რომელიც ახლა გამოქვეყნდა, იყოს პოლიტიკურად მოტივირებული და შემდგომ გამოძიების შედეგიც იყოს პოლტიკურ გადაწყვეტილებებზე იყოს დამოკიდებული?

-ამ ეტაპზე, შემიძლია გითხრათ, რომ ეს მართლა პოლიტიკის მიღმა მიღებული გადაწყვეტილებაა და პოლიტიკურად მოტივირებული ვერ იქნება, რადგანაც ამის ფილტრი ტრიბუნალის თანხმობაა. პროკურორმა ჩათვალა და მისი სუბიექტური გადაწყვეტილებაა, რომელიც მის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს ეყრდნობა. იმისთვის, რომ რაიმე სუბიექტური გადაწყვეტილება არ იქნეს მიღებული საბოლოოდ, რომელიც გავლენას მოახდენს ვერდიქტზე, სწორედ ამიტომ არის გათვალსწინებული თანხმობა, რომლის მისაღებადაც მან ტრიბუნალს მიმართა. ეს არის წმინდა სამართლებრივი და პროცედურული ხასიათის გადაწყვეტილება.

-რამდენად პრეცედენტული იქნება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ჰააგის სასამართლოში გამოძიების ფაქტი?

-პრეცედენტული მხოლოდ ეს საქმე ვერ იქნება, რადგან ტრიბუნალი ამ ტიპის საქმეებს განიხილავს. სხვა საქმეების გარდა, ყველაზე ხანგრძლივი და გახმაურებული ბალკანეთის მაგალითი იყო, როცა ტრიბუნალის გამამტყუნებელი ვერდიქტით უმაღლკესი თანამდებობისა და სამხედრო პირები დაადანაშაულეს კაცობრიობის, ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილ, ომის წესების დარღვევასა და სხვა მძიმე დანაშაულებში.

-გამორიცხავთ, რომ პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს მხარესაც შეეხოს?

-ეს ისეთი საკითხია, რომლის შესახებაც ვარაუდებით ვერ იმსჯელებ, რადგან ჯერ შემდგომი ეტაპი არ დაწყებულა, სადაც ფაქტები მტკიცებულებებით უნდა გამყარდეს და სამართლებრივი კვალიფიკაცია უნდა მოხდეს. შემდეგ გამოიკვეთება ვინ რა ჩაიდინა, ვინ არის პასუხისმგებელი და ვისი ბრძანებით მოხდა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოდის პასუხისმგებლობის ხარისხი.

-სასამართლოს თუ აქვს კონკრეტული ვადები, როცა უნდა დასრულდეს ყველაფერი, იქიდან გამომდინარე, რომ დასკვნის გამოსქვეყნებლად ამდენი წელი დასჭირდა, უნად ვიფიქროთ, რომ ახლო მომავალში სასამართლოს ვერდიქტს არ უნდა ველოდოთ?

-არა და ეს სწორედ, მისი საქმიანობის სპეციფიკით არის გათვალსიწინებული, რადგან ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ომის დროს ჩადენილ დანაშაულებს და ფაქტებს სწავლობს. საომარი მდგომარეობა კონკრეტული ქვეყნებისთვისაც და სამართლებრივადაც განსხვავებულად საგანგაშო და განსხვავებული ფორმისაა. მას მუშაობა დაპირისპირებული მხარეების კომუნიკაციის პირობებში უწევს და ორივე მხარე ცდილობს, ან თავი იმართლოს, ან დამალოს ინფორმაცია. შესაბამისად, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს ის უმძიმესი შრომა, რომელსაც პროკურორი თუ ტრიბუნალი გასწევს ხოლმე. მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომის საპროკურორო გამოძიებას 5 წელი დასჭირდა და არ ვიცი, შემდგომ რამდენი დრო დასჭირდება, მითუმეტეს, რომ მხარეებზეც ბევრი არის დამოკიდებული.

-მას შემდეგ, რაც კონკრეტული განაჩენები გახდება ცნობილი, რა შეიძლება ამან მოუტანოს საქართველოს, ტერიტორიული პრობლემის გადაწყვეტის საკითხში?

-პოლიტიკურად ერთადერთი შედეგი შეიძლება ქონდეს, - სავარაუდოდ , შეიძლება ეს იყოს ერთადერთი დადასტურება იმისა, რომ რუსეთი საერთაშორისო არენაზე წარმოჩინდეს ოკუპანტ, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სამხერდო ოპერაციების მწარმოებელ სახელმწიფოდ და კონკრეტული მაღალჩინოსნები მიჩნეული იქნებიან დამნაშავეებად. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ჰააგის სასამართლო პოლიტიკის მიღმა ინსტიტუტია, მისი ვერდიქტი წმინდა სამართლებრივი იქნება, კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი. 2008 წლის ომის შემთხვევაში, ჩვენ ვიცით, რა ტიპის სამხედრო მანქანა მუშაობდა და აქ რამდენიმე პიროვნებაზე პასუხისმგებლობის ჩამოკიდება, ბუნებრივია, პოლიტიკურად წარუმატებელი მცდელობა იქნება.

”პრაიმნიუსჯორჯია”, ხათუნა ხატიაშვილი

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე