დღეს დევნილთა მსოფლიო დღეა

საქართველო, თბილისი - 10:37 | 20.06.2016
ნანახია: 1357

20 ივნისი დევნილთა მსოფლიო დღეა. სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დევნილთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და დანიის ლტოლვილთა საბჭო (DRC).

შეხვედრას მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართება და მისი ძირითადი თემა იქნება „დევნილთა საარსებო წყაროები: საჭიროებები და მიგნებები“.

დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ დევნილთა სათემო ორგანიზაციების, დევნილთა სფეროში მომუშავე ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები.

მრგვალი მაგიდის ფარგლებში, თემაზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ განხილული იქნება ისეთი საკითხები როგორიცაა: დევნილთა ამჟამინდელი მდგომარეობა საქართველოში, მათი საჭიროებები და გზები პრობლემის აღმოსაფხვრელად, მხარეების მაქსიმალური ჩართულობა დევნილთა საარსებო წყაროების გაზრდისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ამავე დღეს ცენტრი „აფხაზეთის“ ბოლო კვლევის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც სწორედ პრობლემის შედეგებსა და საჭიროებებს ასახავს.

დევნილთა კვირეულის ფარგლებში, რომელიც 18 ივნისიდან დაიწყო, ფონდი „აფხაზეთის“ მიერ საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, როგორც დედაქალაქში, ასევე დევნილთა მსხვილ ჩასახლებებში. პირველი ღონისძიება ქალაქ ზუგდიდში გაიმართა და იგი გიგა ოთხოზორიას ხსოვნას მიეძღვნა.

დევნილთა მსოფლიო დღისადმი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებია ასევე დაგეგმილი ასევე ბათუმსა და თბილისში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე