MDF რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება

საქართველო, თბილისი - 14:05 | 19.06.2016
ნანახია: 1418

მედიის განვითარების ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის გამო. MDF მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სათანადო კვალიფიკაცია მისცენ მომხდარ ინციდენტს და ის ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის კონტექსტში განიხილონ.

"ვთვლით, რომ მომხდარი გამოვლინებაა იმ ზოგადი ძალადობრივი ფონის, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ძალადობრივი გარემოს წახალისებას ხელისუფლება ზოგჯერ ძალადობაზე არასათანადო რეაგირებით, დამნაშავეთა დაუსჯელობით უწყობს ხელს, ზოგჯერ კი მისი ცალკეული წევრები თავად ახალისებენ საზოგადოებაში რევანშისტულ განწყობებს, როდესაც თავიანთი საჯარო გამოსვლებით ამართლებენ მოძალადეთა ქმედებებს.

წინასაარჩევნო გარემოს გაჯანსაღების მიზნით, უაღრესად მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ ადეკვატური რეაგირება მოახდინოს არა მხოლოდ აღნიშნულ ინციდენტზე, არამედ ბოლო დროს გამოვლენილ ძალადობრივ ქმდებებსა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტებზე" - აცხადებს მედიის განვითარების ფონდი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე