კანონიერი ქურდი ,,სვანი“ თბილისშია - რა ინფორმაციას ფლობს გივი თარგამაძე

საქართველო, თბილისი - 12:00 | 19.06.2016
ნანახია: 2128

,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე ქართველი კანონიერი ქურდის ოდესიდან საქართველოში დეპორტაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

,,დღეს 19 საათზე ოდესიდან თბილისის რეისით საქართველოში დეპორტირებულ იქნა 2014 წელს თურქეთში კანონიერ ქურდად კურთხეული, 1972 წელს სოხუმში დაბადებული დავით ნუგზარის-ძე გერლიანი (დათო სვანი). უკრაინაში დაკავებისას მას გააჩნდა პასპორტი, გაცემული დედამისის გვარზე, კერძოდ, ჩაჩიბაიაზე.
ქვემოთმოყვანილი ვიდეო ასახავს ხსენებული დეპორტაციის პროცესს.
ველი შსს-ს მოქმედებებს ან მორიგ ოპუსს თვითმფრინავიდან ადამიანის გაუჩინარების შესახებ”, - წერს გივი თარგამაძე.

ვიდეოში ასახულია,თუ როგორ აცილებენ უკრაინელი სამართალდამცავები დაკავებულს აეროპორტში.

,,სვანის“ უკრაინაში დაკავების შესახებ ინფორმაცია უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელმა ხატია დეკანოიძემ გაავრცელა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოდესის ერთ-ერთ რესტორანში, ოდესის პოლიციის სამძებროს თანამშრომლებმა დავით ნუგზარის ძე გერლიანი დააკავეს, რომელიც კრიმინალურ წრეებში ცნობილია, როგორც „კანონიერი „ქურდი“ მეტსახელად „სვანი“.
დეკანოიძის განცხადებით, დაკავებულს თან ჰქონდა უკრაინის მოქალაქის პასპორტი - სავარაუდოდ, გაყალბებული, რომელიც გაცემულია დავით ჩაჩიბაიას სახელზე. 
„პასპორტის აღების კანონიერებასა და მის ნამდვილობასთან დაკავშირებით დამატებით შემოწმებას ვახორციელებთ.
დაკითხვისას, გერლიანმა აღიარა, რომ „კანონიერ ქურდად“ აკურთხეს.
ქართული კანონმდებლობით, ეს უკვე საკმარისია, რომ ის რამდენიმე წლით ჩასვა ციხეში.
უკრაინაში ასეთი აღიარება არ გაძლევს უფლებას, ის პასუხისგებაში მისცე.
პოლიციამ ის უკრაინიდან გააძევა, ახლა ბრუნდება საქართველოში, საიდანაც არის წარმოშობით. 
იმედი მაქვს, რომ საქართველოს შსს მას დააკავებს და იგი არ აღმოჩნდება სხვა ქვეყანაში, საიდანაც უკრაინაში დაბრუნებას შეძლებს“, - წერს ხატია დეკანოიძე. 
ამასთან, «Прайм Крайм»-ის ცნობით, შარშან, შემოდგომაზე გერლიანი მოსკოვში დააკავეს და არალეგალი მიგრანტების სპეცგანყოფილებაში მოათავსეს. სასამართლომ მისი საქართველოში დეპორტაციის გადაწყვეტილება გამოიტანა. მაშინ 43 წლის „კანონიერმა  ქურდმა“ აღნიშნა, რომ პატიმრობაში 20 წელი აქვს გატარებული.

 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე