დავით ლორთქიფანიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენით დაჯილდოვდა

საქართველო, თბილისი - 15:43 | 15.06.2016
ნანახია: 1654

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენით, გოეთეს მედლით დაჯილდოვდა.

გოეთეს მედალი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენია, რომელიც ყოველწლიურად გოეთეს ინსტიტუტების მიერ წარდგენილ და გოეთეს ინსტიტუტის ცენტრალური ოფისის ჟიურის მიერ არჩეულ სამ უცხოელ კანდიდატს გადაეცემა.

გოეთეს მედლით დაჯილდოებულთა შორის არიან მწერალი გივი მარგველაშვილი, ბრითიშ მუზეუმის დირექტორი ნიკ მაკგრეგორი, ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი რობერტ უილსონი, ინგლისელი მწერალი ჯონ ლე კარე, ისრაელელი მუსიკოსი და დირიჟორი დანიელ ბარემბოიმი, უნგრელი რეჟისორი იშტვან საბო და ავსტრიელი ფილოსოფოსი სერ კარლ რაიმუნდ პოპერი.

დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც წელს  28 აგვისტოს ვაიმარში, გოეთეს დაბადების დღეზე გაიმართება, დავით ლორთქიფანიძესთან ერთად, გოეთეს მედლით დაჯილდოვდებიან ნიგერიელი ფოტოგრაფი და კურატორი აკინბოდე აკინბიჯი და უკრაინელი მწერალი, ესეისტი და მთარგმნელი იური ანდრუხოვიჩი.

დავით ლორთქიფანიძე გამოჩენილი პალეოანთროპოლოგია. მისი კვლევის შედეგებმა, რომელიც დმანისში გათხრების შედეგად აღმოჩენილი, 1,8 მილიონი წლის წინანდელი, ადრეული ჰომინიდების  ნაშთებს ეფუძნება, სრულიად შეცვალა ჩვენი ცოდნა უძველესი ადამიანების განვითარებისა და მათი განსახლების შესახებ. მისი ხელმძღვანელობით ეროვნული მუზეუმი თანამედროვე და წამყვან კულტურულ დაწესებულებად იქცა საქართველოში. მეცნიერი და მუზეუმის დირექტორი, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებთან და სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან, მათ შორისაა გოეთეს ინსტიტუტი და ისეთი მნიშვნელოვანი გერმანელი პარტნიორები, როგორებიცაა პრუსიის კულტურული მემეკვიდრობის ფონდი და ფრანკფურტის ზენკენბერგის მუზეუმი. დავით ლორთქიფანიძე, ასევე, ჰუმბოლდტის პრემიის ლაურეატია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე