თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 15:44 | 09.06.2016
ნანახია: 1289

თბილისის მერიის მიერ დედაქალაქში მცხოვრები პენსიონერებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარებას გაცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის თქმით, გასული კვირის ბოლოდან ფინანსური დახმარების გაწევის თხოვნით, თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები პენსიონერებისგან ასეულობით განცხადება შემოდის. მაშინ როდესაც, მისივე თქმით, წინა თვეებში მატერიალური დახმარების თხოვნით დღეში 60-70 განცხადება ფიქსირდებოდა, ბოლო სამი დღის განმავლობაში, ეს რიცხვი დღეში 200-ს აჭარბებს.

თბილისის მერიის მიერ 7 ივნისს გავრცელებული განცხადების მიუხედავად, იმის თაობაზე, რომ მერია პენსიონერებისთვის ერთჯერად მატერიალურ დახმარებას არ გასცემდა, ბოლო სამ დღეში, ამ კატეგორიის მოსახლეობისგან 500-ზე მეტი განცხადება შემოვიდა.

თბილისის მერია აღნიშნულ ფაქტს დეზინფორმაციას და მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს და მოსახლეობას სთხოვს, არ აჰყვეს ცრუ ინფორმაციას.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე