განსაკუთრებით დიდი ოდენობით თამბაქოს შემოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:00 | 08.06.2016
ნანახია: 1556

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის შემოტანის ფაქტზე,  მიხეილ ლეჟავა დააკავა, ხოლო ირაკლი ნაფეტვარიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.  

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიიდან უნდა მოეხდინათ თამბაქოს ნაწარმის რე-ექსპორტი, გაიარეს საბაჟო პროცედურები ფოთის „გეზში“, დაილუქა ავტომანქანა, რომელსაც უნდა გადაეკვეთა საქართველო - რუსეთის საზღვარი. ბრალდებულებმა, თამბაქოს ნაწარმის საქართველოში უკანონოდ, კონტრაბანდული გზით დატოვების მიზნით,  ავტომანქანა მიიყვანეს წინასწარ განზრახულ ადგილზე, ლუქის დაუზიანებლად გახსნეს ავტომანქანა და ტვირთი დატოვეს საქართველოში, ხოლო საბაჟო გამშვები-პუნქტი, „ყაზბეგის“ გავლით რუსეთის ფედერაციაში გადასვლას დალუქული, ცარიელი ავტომანქანით გეგმავდნენ.

აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე - 5 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე