პრემიერი: ეკოლოგიური გამოწვევები ეხება მთელ რეგიონს და ზოგჯერ მის ფარგლებსაც სცდება

საქართველო, თბილისი - 10:01 | 08.06.2016
ნანახია: 1347

ყველამ კარგად ვიცით, რომ ეკოლოგიური გამოწვევები არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ქვეყნით, ის ეხება მთელ რეგიონს და ზოგჯერ მის ფარგლებსაც კი სცდება“, აღნიშნულის  შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  ,,გარემო ევროპისათვის“ მერვე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საჭირო და აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება ქვეყნებს შორის, რომ ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიოთ მიზნებისა და ამოცანების თანხვედრას, როგორც ეროვნულ, ისე რეგიონალურ და გლობალურ დონეებზე.

„დღეს უკვე მწვანე ეკონომიკა განიხილება როგორც ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტი მდგრადი განვითარების მისაღწევად. ეს მიმართულება ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას, ახალი და მწვანე სამუშაო ადგილების შექმნას და უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას“, განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა.

საქართველო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემო ევროპისათვის“ მე-8 გარემოსდაცვით მინისტერიალს მასპინძლობს. მინისტრთა კონფერენცია -  „ბათუმი 2016“ სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

ბათუმის მინისტერიალის ფარგლებში საქართველომ 56 ქვეყნის 600-მდე ოფიციალურ დელეგატს გარემოს დაცვისა და განათლების საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრების, ბიზნეს სექტორის, ბიზნეს ასოციაციებისა და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის  მაღალი დონის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვრიკაშვილმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა კრისტიან ბახმა მიმართეს.

"გარემო ევროპისათვის" პროცესი წარმოადგენს  გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის რეგიონის წევრი ქვეყნების, გაეროს სისტემაში არსებული ორგანიზაციების, მთავრობათაშორისი ორგანიზაციების, რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის და სხვა  დაინტერესებული ჯგუფების თანამშრომლობის განსაკუთრებულ ფორმატს. აღნიშნული პროცესი და მისი ეგიდით გამართული მინისტრთა კონფერენციები  3-5 წელიწადში ერთხელ იმართება. ეს არის მაღალი დონის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეებისთვის რეგიონის 56 ქვეყნის გარემოსდაცვითი საკითხების განხილვას, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრასა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას მდგრადი განვითარების მიზნით.

კონფერენციის ძირითადი თემებია „მწვანე ეკონომიკის განვითარება პან-ევროპულ რეგიონში“ და „ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის“. ამასთან, კონფერენციის ფარგლებში,  მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება თემაზე: „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“.

 პირველად “გარემო ევროპისთვის“ მინისტერიალი 1991 წელს,  ჩეხოსლოვაკიის გარემოს დაცვის სამინისტროს ინიცირებით, ქ. დობრისში ჩატარდა. ამ დროისთვის  სულ 7 კონფერენცია გაიმართა. ჩეხეთის გარდა შეხვედრები გაიმართა  შვეიცარიაში (ლუცერნი, 1993), ბულგარეთში (სოფია, 1995), დანიაში (ორჰუსი, 1998), უკრაინაში (კიევი, 2003), სერბეთსა (ბელგრადი, 2007) და ყაზახეთში (ასტანა, 2011).

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე