გიორგი მარგველაშვილი: დღეს ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის თანადგომა, რათა ვიზალიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდეს

საქართველო, თბილისი - 14:20 | 07.06.2016
ნანახია: 1367

საქართველოს პრეზიდენტი ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი მიმოიხილეს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველო აფასებს ევროპარლამენტის და პირად, მარტინ შულცის   მხარდაჭერას ევროპული არჩევანის და პერსპექტივის მიმართ.

,,საქართველოსათვის ევროკავშირის მხარდაჭერა და თანადგომა მნიშვნელოვანი იყო, რათა გადამწყვეტი რეფორმები შეგვესრულებინა ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგში. გამოვთქვამთ იმედს, რომ ევროპარლამენტი კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ევროკავშირში პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრირების პროცესში",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 როგორც საქართველოს  პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველომ ეფექტიანად შეასრულა ეს ვალდებულებები, წარმატებით განახორციელა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები. მრავალი წლის განმავლობაში შესრულებული რეფორმების და თანმიმდევრული ძალისხმევის გამოვლენის შესაბამისად, რათა დაგვეკმაყოფილებინა ევროპული სტანდარტები, ბუნებრივია, საქართველოში
მოლოდინი ძალიან მაღალია. 

,,დღეს ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის თანადგომა, რათა ვიზალიბერალიზაციის პროცესი, რომელიც სამი წლის წინ დავიწყეთ, წარმატებით დასრულდეს. მადლიერი ვიქნებით თუ თქვენ პირადად ჩაერთვებით, რათა ხელი შეუწყოთ სწორ და სწრაფ განხილვებს ევროპარლამენტში",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, მარტინ შულცმა შეხვედრაზე აღნიშნა,  რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტში ერთიანობაა და ბოლოდროინდელ ვიზიტებზე და შეხვედრებზე განხილვების შედეგად ევროპარლამენტი და მისი კომიტეტები  შეეცდებიან დააჩქარონ ეს პროცესი, რათა პროცედურები სწრაფად დასრულდეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და ხაზი გაესვა, პოლიტიკური პარტიებისათვის ხანგრძლივი წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელობას.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე